საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო

Covid-19 პანდემიით შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად განაგრძობს მუშაობას ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე. გაერო-ს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, დაცულ ტერიტორიებზე ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების ქსელი მოეწყო.

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, საინტერპრეტაციო და საინფორმაციო სახის ნიშნულებით სრულად აღიჭურვა ვაშლოვანის, იმერეთისა და ჯავახეთის დაცული ტერიტორიები. ლაგოდეხის, თუშეთისა და კოლხეთის დაცული ტერიტორიების ნიშნულებით აღჭურვის სამუშაოები კი ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს.

“საქართველოს დაცული ტერიტორიების ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საინფორმაციო მანიშნებლების მოსაწყობად 67 000 ლარის ინვესტიცია ხორციელდება და,  ჯამურად, წლის ბოლომდე, პროექტის ფარგლებში, 300-ზე მეტი საინტერპრეტაციო, საინფორმაციო და მიმართულების მაჩვენებელი ნიშნული განთავსდება.

ინიციატივა დაცული ტერიტორიების სააგენტოს პროექტის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესაძლებლობათა გაძლიერება სამუშაოს ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და ცნობიერების ამაღლების მიზნით“ ფარგლებში ხორციელდება”, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები