თბილისში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომის მონაწილეებს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერესმა მიმართა.
ანტონიო გუტიერესმა თბილისში მიმდინარე, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებსა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. სხდომის გახსნის ღონისძიებაში ის ვიდეომიმართვით ჩაერთო და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
„მივესალმები მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოსა და საქართველოს მთავრობას. ტურიზმი არის ძალა მთელს მსოფლიოში, გვაძლევს ახალი კულტურების, ახალი ადამიანების, ახალი გამოცდილების აღმოსაჩენის საშუალებას”, – აღნიშნა ანტონიო გუტიერესმა.
ამასთან, როგორც გაერო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, მიმდინარე ღონისძიება მნიშვნელოვანი პლატფორმაა თანამშრომლობისთვის და იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ ტურიზმის მომავალს.
15-17 სექტემბერს საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომას მასპინძლობს, რომელიც დღეს ოფიციალურად გაიხსნა. ეს კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მსოფლიოში უპრეცედენტოდ მაღალი რანგის წარმომადგენლობითი ღონისძიებაა. გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის დელეგატებს შორისაა ესპანეთის, საბერძნეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, მაროკოსა და საუდის არაბეთის და სხვა ქვეყნების მაღალი რანგის სტუმრები.