ირაკლი კოვზანაძე: 13 სასესხო ხელშეკრულებით საქართველოს მთავრობას აქვს შესაძლებლობა, მოიზიდოს 694 მლნ ევროს სესხი და თითქმის 44 მლნ ევროს გრანტი
„საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან საქართველო დაფინანსებას მიიღებს ეტაპობრივად, საიდანაც ნაწილი არის საქართველოს ბიუჯეტის დახმარებისთვის გათვალისწინებული და ნაწილი – სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტისთვის”, – ასე უპასუხა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარის დამაზუსტებელ კითხვას სასესხო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით.
„ყველა ეს 13 ხელშეკრულება, რომელიც წარმოდგენილია, შესაძლებლობას აძლევს საქართველოს მთავრობას, მოიზიდოს, ჯამურად, 694 მლნ ევროს დაფინანსება და გრანტი – თითქმის, 44 მლნ. ევრო. ეს არის შემადგენელი კომპონენტი იმისა, რაზეც ჩვენ ვმსჯელობდით ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, დღეს სესიაზე რატიფიცირებისთვის 13 სასესხო ხელშეკრულება განიხილეს.
ანტიკრიზისული გეგმიდან გამომდინარე, ჯამურად, საუბარია 1.5 მილიარდ დოლარიან საერთაშორისო საფინანსო დახმარებაზე
„როგორც გვახსოვს, დახმარებებიდან პირველი ტრანში 200 მილიონ დოლარზე მეტი საქართველომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მიიღო, როგორც საბიუჯეტო დახმარება. ასევე, თანხების ნაწილი მიემართება ეროვნული ბანკის რეზერვების გასამყარებლად. საერთაშორისო ფინანსური დახმარებები გაწერილია 2020 წლის კორექტირებულ ბიუჯეტში გარკვეული ვალდებულებების დასაფინანსებლად, მათ შორის, ჩვენი იმ თანამემამულეების დასახმარებლად, რომლებიც ამ პანდემიის პირობებში ყველაზე მეტად დაზარალდა”, – აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.