ინფექციონისტი: კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა რაც უფრო მეტად მოიმატებს, მით უფრო გადაიტვირთება სტაციონარები, ამიტომ, სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ
“დღევანდელი სიტუაცია აშკარად საყურადღებოა, რადგან კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად მატულობს”, – ამის შესახებ ინფექციონისტმა, მაია ბუწაშვილმა “რუსთავი 2”-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა რაც უფრო მეტად მოიმატებს, მით უფრო გადაიტვირთება სტაციონარები, ამიტომ, სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ.
“დღევანდელი სიტუაცია აშკარად საყურადღებოა, შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად მატულობს და იმის ვარაუდი, რომ ამ შემთხვევების გაკონტროლება მოხდება და კვლავ ლოკალიზება, როგორც ეს ხერხდებოდა წინა თვეებში, უკვე, ფაქტობრივად, ალბათ, აღარ არსებობს ამისი მოლოდინი და შემთხვევები განუხრელად მოიმატებს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზარალითა და დანაკარგით მოხდეს განვითარება მოვლენების. საყურადღებო მომენტი გვექნება ოქტომბრის ბოლოდან, როდესაც გრიპის სეზონური ეპიდემიაც დაემატება. ყოველ შემთხვევაში, კარგი ის არის, რომ, ძირითადად, გამოვლენილი შემთხვევები, როგორც ვხედავთ, არის მსუბუქი ან უსიმპტომო მიმდინარეობის, ამიტომ, მათი მართვა შედარებით უფრო ადვილია და გართულებების რისკები – ნაკლები, ეს იმედისმომცემია.
შემთხვევათა რაოდენობა რაც უფრო მეტად მოიმატებს, მით უფრო გადაიტვირთება სტაციონარები, ამიტომ, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაისვას საკითხი ბინაზე მკურნალობის შესახებ იმიტომ, რომ ის მოდელი, რაც ჩვენთან მუშაობს, ცოტახანში შეუძლებელი გახდება. ყველა უსიმპტომო პაციენტიც ხვდება სტაციონარში. ამის არავითარი აუცილებლობა არ არის. კარგია, რომ შემცირდა საწოლ დღეების რაოდენობა და ეს პაციენტები რამდენიმე დღის შემდეგ გადაჰყავთ სასტუმროებში, მაგრამ ეს მოდელი უნდა შეიცვალოს. სასტუმროებში კარანტინი არ უნდა იყოს და ბინაზე მეთვალყურეობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად”, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.