კახა კუჭავა: ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ასოცირების შესრულების ანგარიშები ძალიან დიდი აღიარებაა იმ რეფორმებისა, იმ სწორი გზისა, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი
„ეს ბოლო ორი მოვლენა – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ, არის, პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმებისა, იმ სწორი გზისა, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი, საქართველო”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი შეფასებით, გზავნილები, რომლებიც გუშინ ევროპარლამენტში გამართულ დიასკუსიაზე გაჟღერდა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშის განხილვისას, უმნიშვნელოვანესია საქართველოსა და თითოეული ქართველისთვის.
„რა თქმა უნდა, არაერთგზის ხაზგასმით იქნა დაგმობილი რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებები და კვლავ მტკიცე მხარდაჭერა გამოითქვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნა კახა კუჭავამ და განაცხადა, რომ გამოსვლები პირდაპირ ხაზს უსვამს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირის, ევროპარლამენტარების მხრიდან.
კახა კუჭავას განცხადებით, ჩვენი ქვეყნისთვის ასევე მნიშვნელოვანია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თაობაზეც ჩვენი ოპოზიციური პარტიების მხრიდან ძალიან ცოტა მოვისმინეთ, რადგანაც იმდენად პოზიტიური იყო, რომ რთულია, გადაფარო ის გზავნილები, რომლებიც არის ამ ანგარიშში და რომელიც, დაახლოებით, 170 ქვეყანას აანალიზებს ინვესტიციების კუთხით. ძალიან მაღალი შეფასება აქვს საქართველოს როგორც იმ ადგილს, სადაც უნდა განხორციელდეს ინვესტიციები, ქვეყანა, როგორც ლიდერი რეგიონში, სადაც უმნიშვნელოვანესია, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით დაფიქსირებულია გზავნილები, რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველა იმ სპეკულაციას, – მოსაზრებას თუ ტყუილს, რასაც ამ ბოლო დროს ჰქონდა ადგილი, თითქოს ამერიკული ინვესტიციების დაჩაგვრა ხდება საქართველოში. ანგარიშში პირდაპირ მითითებულია, რომ იყო რამდენიმე დავა სახელმწიფოსა და უცხოურ კომპანიას შორის, თუმცა ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ყველა ამ შემთხვევაში, სახელმწიფომ იმოქმედა სამართლიანად და დარღვევები არ დაფიქსირებულა. აქ არის პოლიტიკური გზავნილებიც, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამ კუთხით არის ზუსტადაც ის მოვლენები, რომლებმაც ძალიან დიდი ვნებათა ღელვა გამოიწვია – შეტევა პარლამენტზე, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ ყველა ქმედება, რომელიც გამოიყენა სამართალდამცავმა ორგანოებმა აგრესიული დემონსტრანტების მცდელობის საპირისპიროდ, რომ შეჭრილიყვნენ პარლამენტში, იყო კანონიერი და მართლზომიერი. ეს ბოლო ორი მოვლენა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და ასოცირების შესრულების ანგარიში, რომელსაც კენჭი ეყრება ხვალ, არის, პირველ ყოვლისა, ძალიან დიდი აღიარება იმ რეფორმების, იმ სწორი გზის, რომელსაც ადგას ქართველი ხალხი, საქართველო. კიდევ ერთხელ გავიმეორებდი ციტატას – ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ჩვენ ვართ ძალიან სწორ გზაზე და ძალიან მალე ჩვენ ვიმსახურებთ რომ გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები”, – განაცხადა კახა კუჭავამ.