ნიკოლოზ მჭედლიშვილი: აზიის განვითარების ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, თუმცა, ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება
აზიის განვითარების ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება, – ამის შესახებ ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი წერს.
მისი თქმით, აზიის განვითარების ბანკის (ADB) პროგნოზით 2021 წელს საქართველოს ეკომომიკის ზრდა 4.5 პროცენტს შეადგენს. ამ დროს ეკონომიკის ზრდის გენერატორები იქნება ტურიზმი, მოხმარება და ექპორტი. ანუ, პრაქტიკულად ეკონომიკის ყველა სფერო.
“ADB-ის მთავარი ყოველწლიური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2020 განახლებულ გამოცემაში ბანკი მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის 5%-იან ვარდნას ვარაუდობს, რაც ეკონომიკასა და საინვესტიციო კლიმატზე კოვიდ-19-ის უარყოფითი გავლენის შედეგია, თუმცა ტენდენცია 2021 წელს სასიკეთოდ შეიცვლება. რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) მიმდინარე წლის დასაწყისში დაახლოებით 5.8%-ით შემცირდა, 2019 წლის იმავე პერიოდის 4.8%-იანი ზრდის საპირისპიროდ.
ბანკის ანგარიშის მიხედვით საქართველოში ინფლაცია 2020 წელს 6.0%, ხოლო 2021 წელს 4.5% შეადგენს, რაც აპრილში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებლებია. 2020 წლის პირველ ნახევარში, ინფლაცია გასული წლის 3.6%-თან შედარებით გაიზარდა და 6.4% შეადგინა. შესაბამისად გაიზარდა ფასების ინდექსი: 13.6%-ით კვების პროდუქტებზე, 4.3%-ით სხვა საქონელსა და 2.2%-ით მომსახურებაზე. საბაზო ინფლაციამ 6.6%-ს მიაღწია და სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 10.1%-ით გაიზარდა. შემომავალი ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მკვეთრი შემცირების გამო ლარი გასულ წელთან შედარებით 4.4%-ით გაუფასურდა, თუმცა, საქართველოს ეროვნული ბანკი ჩაერია და ვარდნის შესარბილებელი ოპერაციები განახორციელა,”- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.