გიორგი მიქაუტაძე: უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები ძირეულად არის შეცვლილი
“არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებები ფრაგმენტულია”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები ძირეულად არის შეცვლილი.
„ასეთი ზოგადი კრიტიკა ყოველთვის თან სდევს ხოლმე პროცესს. ვისურვებდი, რომ მეტი კონკრეტიკა მოვისმინოთ ამ პრეტენზიებთან დაკავშირებით. იცით, რომ ძირეულად არის შეცვლილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები და ძალიან ბევრ საფეხურს გადის როგორც საბჭო, ასევე – საქართველოს პარლამენტი ამ პროცესში მაშინ, როდესაც საერთოდ არანაირი რეგულაცია არ არსებობდა. ამიტომ, ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ფრაგმენტულია ეს ცვლილებები, ამაში ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ინიციატივას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მიმართული ვენეციის კომისიების შესაბამისად, ბოლომდე შესრულებას ემსახურება“, – განაცხადა მიქაუტაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს საკანონმდებლო ცვლილებების გაცნობა წარმოადგენდა.