პოლიციამ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და ქურდობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უზბეკეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული ვ.შ. თბილისში დააკავეს.

შსს-ს ცნობით, მას ბრალად კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა და ქურდობა ედება.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 28 ივნისს ვ.შ.-მ უნებართვოდ შეაღწია ერთ-ერთი მოქალაქის სარგებლობაში არსებულ, ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორ „აჭარაბეთის“ ანგარიშზე, სადაც აღნიშნულ მოქალაქეს მიბმული ჰქონდა „საქართველოს ბანკის“ პლასტიკური ბარათი. ბრალდებულმა დაზარალებულის ანგარიშიდან საკუთარ საბანკო პლასტიკურ ბარათზე უკანონოდ გადმოირიცხა 9 190 ლარი, რის შემდეგაც ვ.შ.-მ დანაშაულებრივი გზით მითვისებული თანხა გაანაღდა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის გზით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები