“ვემიჯნებით ოქრიაშვილს და მხარს ვუჭერთ გოგი მეშველიანს” – კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერების პროტესტი

 

მას შემდეგ, რაც კახა ოქრიაშვილი ბოლნისი, დმანისი, თეთრიწყაროსა და წალკაში ყოფილი სამთავრობო გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა და გაირკვა, რომ ის იქნება “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, მხარდამჭერთა რიგები პროტესტის ნიშნად, არაერთმა ადამიანმა დატოვა.

ერთერთი ასეთი საკრებულოს წევრი აზერ ალიევია. მისი განცხადებით, მას შემდეგ რაც გაიგო, რომ კახა ოქრიაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას” შეურთდა, მხარს გოგი მეშველიანს დაუჭერს.

„მე ვარ “ქართულ ოცნებაში” და მე ვიყავი კახა ოქრიაშვილის მხარდამჭერი. მაგრამ რაც ოქრიაშვილი შეუერთდა „ნაციონალურ მოძრაობას” ამის შემდეგ მე მხარს ვუჭერ “ქართული ოცნების” ახალ კანდიდატს, გოგი მეშველიანს”, – თქვა აზერ ალიევმა.

კახა ოქრიაშვილის პოლიტიკური გემოვნების შეცვლით უკმაყოფილებას გამოთქვამენ დმანისელებიც. ერთ-ერთი ადგილობრივი „რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას ამბობს, რომ მათ სურთ ნათელი მომავალი და „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ნიშნავს, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო უკან დაიხევს.

„ჩვენ წლების განმავლობაში მხარს ვუჭერდით კახა ოქრიაშვილს, როგორც დმანისის მაჟორიტარს, მაგრამ მას შემდეგ, რაც ის გაერთიანდა „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ, ჩვენ გავემიჯნეთ კატეგორიულად და მხარს ვუჭერთ გოგი მეშველიანს. შეუძლებელია იყო “ნაცმოძრაობის” წევრი და აკეთო ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე. ჩვენ არ გვინდა უკან დაბრუნება, გვინდა მხოლოდ და მხოლოდ ნათელი მომავალი. კიდევ ერთხელ ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ვაფიქსირებ ჩემს აზრს და მხარს ვუჭერ ხელისუფლებას და მის კანდიდატს – ბატონ გოგი მეშველიანს. აქ არიან, როგორც პარტიის, ისე საკრებულოს წევრები, დმანისის მოქალაქეები და გლეხები და ყველას გვაერთიანებს ერთი აზრი“, – გვითხრა გურამ ტატუაშვილმა.

„რეგიონული კვირა“ კახა ოქრიაშვილს დაუკავშირდა. კითხვაზე თუ რას ფიქრობს, რომ მას საკუთარი მხარდამჭერები გაემიჯნენ, ოქრიაშვილმა გვიპასუხა რომ მსგავსი არაფერი მომხდარა და ის არ გამხდარა „ნაციონალურ მოძრაობის“ გუნდის წევრი.

„როდის შევუერთდი “ნაციონალურ მოძრაობას”, ჩვენ ვართ ერთი პარტია და ბლოკში ვართ „ძალა ერთობაშია“ ჰქვია. სატელევიზიო კადრები ვნახე, ვიღაც კაცი იძახის, რომ გავემიჯნე კახა ოქრიაშვილსო, მაგ კაცს საერთოდ არ ვიცნობთ არც მე და არც ჩემს პარტიაში მყოფი ადამიანები. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ შევუერთდით „ძალა ერთობაშიას“ აქ გაწევრიანებულები ვართ ჩვენ, “ნაციონალური მოძრაობა”, “რესპუბლიკელები” და კიდევ იქნება რამდენიმე პარტია“,- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები