თენგიზ ცერცვაძე: ზედმეტად არ გავთამამდეთ, სწორედ ამან მიგვიყვანა კორონავირუსის შემთხვევების ზრდამდე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, კლინიკური ჯგუფის წარმომადგენლის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლეტალური შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია. თუმცა, როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობა ზედმეტად არ უნდა გათამამდეს.

„საქართველო ბოლომდე ვერ ასცდებოდა ამ ტენდენციას და საქართველოშიც აღინიშნება ზრდა, თუმცა, მინდა, ისიც იცოდეთ, რომ   საქართველოში  ევროპისა და ამერიკის რეგიონში „კოვდი-19“-ის შემთხვევების მიხედვით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ყველაზე მცირე შემთხვევებია.
მაგრამ ვინაიდან მაინც აღინიშნება შემთხვევების ზრდა, წინა პლანზე გამოდის გაზრდილი რაოდენობით ავადმყოფების კლინიკური მართვის საკითხი.

საქართველო მყარად ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, სადაც ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით ლეტალური შემთხვევების რიცხვი ყველაზე ნაკლებია, თან – ბევრად ნაკლები, ვიდრე  ევროპისა და ამერიკის ქვეყნებშია. სულ ხუთი გარდაცვლილი ყოველ მილიონ მოსახლეზე. ეს, ასე განსაჯეთ, ნაკლებია იმაზე, ვიდრე გვქონდა ე.წ. ღორის გრიპის პანდემიის დროს 9-10 წელში. ეს მნიშვნელოვანია, რადგან მოსახლეობას ჰქონდეს განცდა, რომ ის არის დაცული, მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს სახელმწიფო, ჯანდაცვის სისტემა და რომ ეს სისტემა გამართულად მუშაობს, სხვანაირად ასეთი შედეგები ვერ დაიდებოდა. მიუხედავად ამისა, იცით, რომ სრულყოფილი არაფერია. პოზიტივზე ძალიან ცოტა იყო საუბარი დღევანდელ შეხვედრაზე, საუბარი იყო გამოწვევებსა და იმაზე, თუ რით შეიძლება, კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პაციენტების კლინიკური მენეჯმენტის, კლინიკური მართვის პროცესი.

​პრემიერმა სერიოზული დავალებები მისცა ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკურ ჯგუფს, რომელიც უახლოეს პერიოდში შესრულდება. კოვიდის პირობებში ძალიან ძნელია რაღაც გარანტიების გაცემა, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ჩვენ შევეცდებით, შევინარჩუნოთ გაჯანმრთელების ძალიან მაღალი პროცენტი და სიკვდილობის მცირე რიცხვი.

​ასე რომ, მოსახლეობას შეუძლია, იყოს მშვიდად, მაგრამ მშვიდად ყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ უგულებელყოს ის რეგულაციები, რომლებიც არის მთავრობის მიერ და არ დაიცვას საჭირო უსაფრთხოების ზომები. ზედმეტად გავთამამდით. ზედმეტად გათამამებამ მიგვიყვანა სწორედ ამ შემთხვევების გარკვეულ ზრდამდე“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები