ნინო ლომჯარია: ბაჩალიაშვილის საქმეზე ყურადღებას პრობლემურ გარემოებებზე გავამახვილებთ, ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება

“ყურადღებას გავამახვილებთ, მნიშვნელოვან, პრობლემურ გარემოებებზე, რაც ოჯახის ინტერესებშიც არის და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.

სახალხო დამცველის თქმით, საქმის მასალების შესწავლას დიდი დრო არ დასჭირდება.

„გუშინ სახალხო დამცველის პირველი შეხვედრა შედგა პროკურატურაში. იქ ვიმყოფებოდით ადვოკატსა და ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებთან ერთად. გადავეცით პროკურატურას საკითხების ჩამონათვალი, რისი გაცნობაც გვაინტერესებდა. ეს საკითხები ასევე შეთანხმდა ადვოკატთან. დღეს უკვე შევდივართ, რომ დავიწყოთ საქმის მასალების გაცნობა და, რა თქმა უნდა, ამ ბოლოს გადაცემულ მასალასაც, როდესაც ადვოკატი აცხადებს, რომ მან მოიპოვა სატელიტური სურათები, ვნახავთ, დაიწყო თუ არა ამ მტკიცებულებების შესწავლა პროკურატურამ. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, დაველოდოთ საქმის მასალების შესწავლას. არ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ დროს წაიღებს, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მასალები 20 ტომს სცილდება. ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ, მთავარ, მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, პრობლემურ გარემოებებზე, რაც ოჯახის ინტერესებშიც არის და ვფიქრობ, უახლოეს დღეებში გარკვეული შეფასებების გაკეთება შეგვეძლება. გუშინ ადვოკატის მხრიდან გაკეთებული განცხადება საყურადღებოა და მან შეიძლება, შეცვალოს გამოძიების მიმდინარეობაც“, – განაცხადა ლომჯარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები