ნათია თურნავა: მინდა, ყველას მოვუწოდო, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას და შეიძინონ ადგილობრივი პროდუქცია
„მინდა, ყველას მოვუწოდო, პირველ ყოვლისა, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტსა და სხვა ქართულ პროდუქციას, შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა – იმპორტირებული”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კომპანია „ჯეოსტოუნის” მარმარილოსა და ბაზალტის გადამამუშავებელ საწარმოში ვიზიტისას განაცხადა.
კომპანია „ჯეოსტოუნი” სასარგებლო მინერალებისა და ბუნებრივი ქვების მოპოვების სექტორში ერთერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც ბუნებრივი ქვის მოპოვებაზე, წარმოებაზე, დამუშავებასა და ტრანსპორტირებაზეა სპეციალიზირებული. კომპანია ასევე ფლობს ბაზალტისა და კირქვის კარიერებს, საიდანაც მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს.
კომპანიაში თითქმის 8 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ამ ეტაპზე, დასაქმებულია 24 ადამიანი.
„მნიშვნელოვანია, რომ ქართული მარმარილო, რომელიც მოიპოვება ლოპოტაზე და გადამუშავდება კომპანია „ჯეოსტოუნის” მიერ, არა მხოლოდ ქართულ ბაზარს მიეწოდება, არამედ ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ავსტრალია და ჩინეთი, სადაც ქართული მარმარილო კონკურენტულია. მინდა, მოვუწოდო ყველას საქართველოში, პირველ ყოვლისა, სამშენებლო ბიზნესს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ქართული წარმოების საშენ მასალას, ქართულ მარმარილოს, ბაზალტს, სხვა ქართულ პროდუქციას და შეიძინონ ადგილობრივი მასალა და არა – იმპორტირებული”, – აღნიშნა ნათია თურნავამ.