ამირან გამყრელიძე: საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში, დასავლეთ ევროპის მთელს რიგ ქვეყნებში ,,კოვიდ-19,,-ის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა

მოგეხსენებათ, რომ მთელ მსოფლიოში პანდემია უკან არ იხევს. უმრავლეს ქვეყნებში, ადგილი აქვს ყოველდღიურ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მერყეობს 200-დან 250 ათასამდე. ზოგიერთ დღეს ყოველდღიური შემთხვევები 300 ათასამდე ავიდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მან ყურადღება გაამახვილა კოვიდ-19-ის სტატისტიკაზე გლობალურად, რეგიონში და საქართველოში.

„საკმაოდ დაძაბულია ვითარება ევროპის რეგიონში. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და იგივე ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ასევე ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე ჩვენს უშუალო მეზობლებში. რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო რჩება, ისევ და ისევ, ოაზისად, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ. დღევანდელი დილის მონაცემებით ეს არის 1729 დადასტურებული შემთხვევა, მოყოლებული 26 თებერვლიდან, მაგრამ დღევანდელი დილისთვის, ჩვენ გვქონდა ახალი 45 შემთხვევა, რაც ამ ხნის განმავლობაში, რაც ეპიდემიაა ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. რა თქმა უნდა, ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ, რომ ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რამეთუ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა. ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დაჭირდება სულ მცირე 1 წელი, წელიწად ნახევარი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები