რუსი დიპლომატი-ჯაშუშები „შარვალჩახდილები“ წაიჭირეს

დიპლომატიურ საფარქვეშ მოქმედი რუსი ჯაშუშების მასპინძელი ქვეყნებიდან გაძევების ერთეული თუ მასობრივი შემთხვევები უკანასკნელ პერიოდში არცთუ იშვიათი მოვლენა გახდა. სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვების გარდა, არსებობს რიგი ოფიციალური მტკიცებულებები და ჟურნალისტური გამოძიებები, როცა რუსეთის სპეცსამსახურების სტრუქტურებში მომუშავე ე.წ. დიპლომატები სხვადასხვა სახის ორგანიზებულ დანაშაულში უშუალოდ არიან ჩართულები. ხშირად შესაძლოა, მათი კრიმინალური საქმიანობა უცხოეთში მცხოვრები, კრემლისთვის არასასურველი პირების სიცოცხლის ხელყოფასაც ისახავდეს მიზნად.

მიმდინარე წლის 25 ივნისს ჩეხეთის დედაქალაქ პრაღის გარეუბანში, ქ. რჟიჩანის ერთერთ რესტორანში რუსეთის საელჩოს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც, დიპლომატიური იმუნიტეტის გამო, პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. რუსული მხარე აღნიშნული ფაქტის გასაიდუმლოებას ცდილობდა. მათ არც საპასუხო „სარკისებური ზომისთვის“ მიუმართავთ და საპატიმროდან გამოსვლისთანავე საკუთარი დიპლომატი ჩეხეთიდან რუსეთში გაამგზავრეს.

თავდაპირველი ინფორმაციით, სამართალდამცავები დაკავებულ რუს დიპლომატს თითქოს საგადასახადო დანაშაულს ედავებოდნენ. თუმცა მოგვიანებით, ქვეყნის სპეცსამსახურებზე დაყრდნობით, ჩეხურმა მედიამ  ინფორმაცია გაავრცელა, რომ  რუსეთის საელჩოს თანამშრომელმა შავ ბაზარზე  სნაიპერული შაშხანისთვის განკუთვნილი, ფინური წარმოების  – Lapua-ს ფირმის ტყვიები და სხვა საბრძოლო მასალები უკანონოდ შეიძინა. რომ არა დიპლომატიური პასპორტი, ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 5 წლით  აღკვეთას ითვალისწინებდა. საუბარია რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს აპარატის ერთერთ თანამშრომელზე, რომელსაც ჩეხეთის გამოძიება რუსეთის სამხედრო დაზვერვის (ГРУ) ოფიცრად მიიჩნევს.

რუსი „დიპლომატის“ მიერ ნაყიდი საბრძოლო მასალების რაოდენობამ ჩეხი სამართალდამცავები გააოგნა. ჩეხეთის გენშტაბის ყოფილი უფროსის, ირჟი შედივის ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, პოლიციამ 26 ერთეული იარაღი და 150 კგ. საბრძოლო მასალა ამოიღო. მისივე განმარტებით, ამ გზით შეძენილი საბრძოლო მასალის გაკონტროლება საკმაოდ რთულია და ამან შეიძლება, ტერორისტული საქმიანობა გამოიწვიოს, თუნდაც ეს იყოს სახელმწიფო ან კლასიკური ტერორიზმი.

გამოძიება სხვადასხვა ვერსიაზე მუშაობს. განიხილება, რომ შეიარაღება ევროპის ტერიტორიაზე მოქმედი „რუსული მაფიისთვის“ ან რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ფარული ოპერაციების ჩატარებისთვის იყო განკუთვნილი. „ნებისმიერ შემთხვევაში, ეს (საბრძოლო მასალები) იყო ბევრი და, რა თქმა უნდა, მას კაკაბზე სანადიროდ არ ყიდულობდნენ“, – აცხადებდნენ ჩეხურ პრესასთან ინფორმირებული წყაროები.

ერთერთი ჩეხი ანონიმი დიპლომატის სიტყვებით, „მათთვის (რუსებისთვის) ნათელი გახდა, რომ ისინი შარვალჩახდილები წაიჭირეს. ეს სერიოზული ინციდენტია, რომელიც ნათლად მიანიშნებს იმაზე, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე რუსეთის ხელისუფლებას ბინძური მეთოდების გამოყენების არ ეშინია.“

,,ბინძური მეთოდები”, ალბათ, მსუბუქი შეფასებაა, როცა საქმე ადამიანების სიცოცხლეს ეხება. სავარაუდოდ,  ჩეხეთის საგამოძიებო უწყება ყველაფერს დაადგენს, მაგრამ მანამდე, ალბათ, რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, თუ რისთვის სჭირდებოდა სნაიპერის შაშხანის აღჭურვილობა რუს „დიპლომატს“. თუმცა, რთულია განსაზღვრო, თუ ვინ უნდა ყოფილიყო კრემლის მორიგი სამიზნე.

რუსეთის სპეცსამსახურების „ანგარიშზე“ ევროკავშირის ტერიტორიაზე პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგე არაერთი ადამიანის მოწამვლისა და ლიკვიდაციის ფაქტია. ერთერთი ბოლო ასეთი დანაშაული გასულ წელს გერმანიაში საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის ბრალდებაში ხაზგასმულია, რომ ხანგოშვილის მკვლელი რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების დავალებით მოქმედებდა.

ჩეხეთში რუსეთის უკანონო ქმედებებს  ადრეც ჰქონია ადგილი. მიმდინარე წლის გაზაფხულზე ჩეხურმა მედიამ პრაღაში რუსეთის ფედერალური სააგენტო Россотрудничество-ს წარმომადგენლობის ხელმძღვანლის მოვალეობის შემსრულებლის, ანდრეი კონჩაკოვის სახელი გააჟღერა, რომელმაც, თითქოს და, ჩეხეთში ადგილობრივ პოლიტიკოსებზე თავდასხმის მიზნით, მომწამვლელი ნივთიერება  – ,,რიცინი,, შეიტანა. საქმე ეხებოდა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ პრაღის მერის, ზდენეკ გრჟიბისა და პრაღის მეექვსე ოლქის მერის, ონდჟეი კოლარის შესაძლო მოწამვლას. აღსანიშნავია, რომ, პრაღის მერის ინიციატივით, ჩეხეთის დედაქალაქში, რუსეთის საელჩოს წინ მდებარე მოედანს მოკლული რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის სახელი დაერქვა. კოლარი კი პრაღის იმ რაიონს ხელმძღვანლობს, სადაც საბჭოთა მარშალის, ივანე კონევის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდა.

2018 წელს, გავრცელებული ცნობით, ჩეხეთის უშიშროების სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე გამოავლინა და აღკვეთა რუსი ჰაკერების მუშაობა, რომლებიც გლობალური ქსელის წევრები იყვნენ.  ჯგუფი კერძო IT კომპანიების საფარით ოპერირებდა. კომპიუტერული ტექნიკა ჩეხეთის ტერიტორიაზე რუსეთის დიპლომატიური ტვირთის სტატუსით შეიტანეს. ჯგუფის ყველა წევრი რუსეთის მოქალაქე იყო. ისინი  ჩეხეთში რამდენიმე წლით ადრე ჩავიდნენ და იქაური მოქალაქეობები მიიღეს.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის სპეცსამსახურებისთვის ჩეხეთი ევროკავშირის ტერიტორიაზე ფარული ოპერაციების საწარმოებლად ერთგვარ „ცენტრად“ გამოიყენებოდეს, რაზეც ირიბად მიუთითებს იქ მყოფი რუსი „დიპლომატების“ უპრეცედენტო რაოდენობაც. რუსული მედიის ცნობით, პატარა ჩეხეთში რუსი დიპლომატების რაოდენობა, დაახლოებით, 140 კაცს აღწევს მაშინ, როცა ჩინეთში მათი რიცხვი 30-კაცს არ აღემატება.

ნიკოლოზ ანთაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები