სოლომონ პავლიაშვილი: ჩვენი ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ერთერთი პრიორიტეტია
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია – „ბიზნესის როლი ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებაში საქართველოში“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
მისი თქმით, მწვანე ეკონომიკის დანერგვის პირობებში, აუცილებელია გამძლე, განახლებადი და ხელახლა გამოყენებადი პროდუქციის წარმოება.
„ჩვენი ქვეყნისთვის გარემოსდაცვითი პოლიტიკის განხორციელება და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა ერთერთი პრიორიტეტია. შვედეთის მთავრობის აქტიური მხარდაჭერითა და პარტნიორი ქვეყნების რეკომენდაციების გათვალისწინებით, ნარჩენების მართვის კოდექსი, სტრატეგია და ეროვნული გეგმა სრულ თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. მწვანე ეკონომიკის დანერგვის პირობებში, აუცილებელია გამძლე, განახლებადი და ხელახლა გამოყენებადი პროდუქციის წარმოება და აღნიშნულ საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა“, – აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.
კონფერენციაზე გაერო-ს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრმა, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტმა, დარიუშ ედვარდ პრასეკმა საქართველოში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებისა და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ცირკულარული ეკონომიკა გაერო-ს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა. მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან.
კონფერენციის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ, სოლომონ პავლიაშვილის მონოგრაფიას „ეკონომიკური ეფექტიანობის თეორიები, განვითარების მოდელები და ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებლობა საქართველოში“ გაცნობოდნენ.
ღონისძიებას დონორი ორგანიზაციების, კერძო სექტორისა და შესაბამისი უწყების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი რიგით მესამე კონფერენცია პროექტის – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ ორგანიზებით გაიმართა.