ნინო ბურჯანაძე: სააკაშვილს ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს კოალიციის შესაქმნელად, ჩვენგან ვერ მიიღებს

“რევოლუციური გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან იქნებოდა, გამოეცხადებინა, რომ ამ არჩევნებში გვერდზე გადის პროცესიდან, არ აძლევს ივანიშვილს პოლარიზაციის საშუალებას და მაქსიმალურად ხელს უწყობს მრავალპარტიულ არჩევნებს”, – ასე გამოეხმაურა “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე “ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატად მიხეილ სააკაშვილის დასახელებას.

ბურჯანაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიულმა ინტერესმა იმძლავრა.

„უკიდურესად გამიკვირდება, თუ სააკაშვილი მართლა ჩამოვა. პირადად მე ერთ პროცენტს ვტოვებ ამის შანსს. რაც შეეხება  პრემიერმინისტრად მის დაყენებას, მე არ დავიწყებ სამართლებრივ დეტალებზე, მოქალაქეობაზე, აღძრულ საქმეებზე ლაპარაკს, პოლიტიკურ შეფასებას გავაკეთებ და შემიძლია, გითხრათ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებისა და გახმოვანების დროს „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმძლავრა პარტიულმა ინტერესმა და ეს ნამდვილად სამწუხაროა, რადგან პარტიულად გასაგებია, რომ მათი მომხრეების მაქსიმალურად მობილიზაცია მოხდება, მაგრამ ამავდროულად ძალიან სერიოზული იქნება შიში და უარყოფითი დამოკიდებულება იმ ადამიანებს შორის, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ სააკაშვილის დაბრუნება. ამან შეიძლება, გარკვეულწილად ბიძინა ივანიშვილს გაუმარტივოს ამოცანა, რადგან პოლარიზება შედის ივანიშვილის ინტერესებში. მე ვთქვი რამდენიმე დღის წინ, რომ რევოლუციური გადაწყვეტილება სააკაშვილის მხრიდან იქნებოდა, გამოეცხადებინა, რომ ამ არჩევნებში გვერდზე გადის პროცესიდან, არ აძლევს ივანიშვილს პოლარიზაციის საშუალებას და მაქსიმალურად ხელს უწყობს მრავალპარტიულ არჩევნებს. რაც შეეხება ახლა სააკაშვილის მხარდაჭერას – თქვენ იცით, რომ ჩვენგან გამორიცხულია მისი რაიმე ტიპის მხარდაჭერა და ერთი ხმაც რომ სჭირდებოდეს მას კოალიციის შესაქმნელად, ამ ერთ ხმასაც ვერ მიიღებს“, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

“ნაციონალური მოძრაობისა” და გაერთიანება ,,ძალა ერთობაშიას” პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი იქნება. ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გრიგოლ ვაშაძემ გააკეთა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები