ლუკა სირაძის ძმა: 3 წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მტკიცებულება არ არსებობდა

„ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი, ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ამბობდნენ, რომ მტკიცებულება არ არსებობდა”, – ამის შესახებ გარდაცვლილი ლუკა სირაძის ძმამ, ბექა სირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

რაც შეეხება ჩოლოიანის მიმართ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას – ბექა სირაძის თქმით, ამ საკითხზე ოჯახი კონსულტაციას ადვოკატებთან გაივლის.

„ველოდებოდი, რომ მიუსჯიდნენ მაქსიმალურ ვადას 5 წელს, თუმცა მიუსაჯეს სამი წელი. რაც შეეხება გასაჩივრებას – ადვოკატსა და პროკურორთან კონსულტაციას გავივლი და თუ ისინი საჭიროდ მიიჩნევენ, გავასაჩივრებთ. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, რომ სამი წელი ცუდი არ არის, რადგან მარიანა ჩოლოიანის ადვოკატები ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ მისი უდანაშაულობა და ამბობდნენ, რომ არ არსებობს საქმეში რაიმე სახის მტკიცებულება”, – განაცხადა ბექა სირაძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს პირველი განყოფილების გამომძიებელ მარინა ჩოლოიანს 15 წლის ლუკა სირაძის ჩვენების იძულება ედება ბრალად.

15 წლის მოზარდი, ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 2019 წლის 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები