თამარ კიკნაძე – სუროგაციაზე: ამ ბიზნესით დაკავებული ზოგიერთი კომპანიისთვის ეს უდიდესი მოგების წყაროა, დედებისა და ბავშვების უფლებები კი დაუცველია
„რამდენიმე წლის წინ ნოტარიუსის რიგში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ქალის ნახვამ ჩემი გაკვირვება გამოიწვია. მითხრეს, სუროგატი დედების საბუთებს აფორმებენო. საშინელი განწყობა დამეუფლა. უმრავლესობა უცხოელებისთვის აჩენდა შვილებს. ვიფიქრე – ეს სადამდე მივედით. სუროგაცია საქართველოში კარგა ხანია, ტრეფიკინგის ერთერთი წყაროა”, – ამის შესახებ იურისტი, თამარ კიკნაძე სოციალურ ქსელში წერს.
იურისტი მიესალმება იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ყველა განვითარებულ ქვეყანაში სუროგაცია მკაცრად რეგულირდება.
“საქართველო იაფ ინკუბატორად იქცა, ერთ მხრივ, უშვილო წყვილებისათვის ეს ბავშვის ყოლის საშუალებაა, მაგრამ, მეორე მხრივ, საქართველო სუროგაციის მონაცემებითა და უკონტროლობით ბანანის ქვეყანას დაემსგავსა. დემოგრაფიული პრობლემის მქონე ქვეყანაში დედების თითქმის 100% საქართველოს მოქალაქეა, ხოლო სუროგაციის გზით შვილის ყოლის 98% – უცხოეთის მოქალაქე. ამ ბიზნესით დაკავებული ზოგიერთი კომპანიისთვის ეს უდიდესი მოგების წყაროა, დედებისა და ბავშვების უფლებები კი დაუცველია. კანონი არ არეგულირებს სუროგატი დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასაკს, სუროგაციის რაოდენობას, ბუნებრივი მშობიარობისა და საკეისრო კვეთების რაოდენობას. ხშირია გაუგებრობები და უსიამოვნებები. არავინ ფიქრობს ბავშვებისა და დედების ჯანმრთელობასა და უფლებებზე. ღმერთმა უწყის, ამ ბავშვებს შემდგომში რა ბედი ეწევათ. ბავშვის ყოლის მსურველთა უცხოელების რიცხვი კი სულ უფრო იზრდება. საქართველო იაფ ინკუბატორად იქცა. ყველა განვითარებულ ქვეყანაში ეს პროცესი კანონით მკაცრად რეგულირდება, ჩვენთან კი თვითდინებაზეა მიშვებული, ამიტომაც მივესალმები იუსტიციის მიერ შემოღებულ რეგულაციებს. ამასთან, მეტი უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდა დედების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და სტიმულირებაზე“, – წერს თამარ კიკნაძე.