აშშ-ის საელჩო: აშშ გმობს უგუნურ და საშიშ კიბერთავდასხმას, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე კიბერშეტევის ფაქტს ეხმაურება.
„ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში აღშფოთებულია ცნობით კიბერშეტევის შესახებ, რომელიც პირველ სექტემბერს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე განხორციელდა. ეს უპასუხისმგებლო ქმედება მიზნად ისახავდა მართლსაწინააღმდეგო წვდომის მოპოვებას პანდემიის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, რომელიც დაცულია სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების, მათ შორის, რიჩარდ ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში.
ამერიკის შეერთებული შტატები გმობს ამ უგუნურ და საშიშ თავდასხმას. კიბერსივრცის უსაფრთხოება დამოკიდებულია სახელმწიფოთა პასუხისმგებლიან ქმედებაზე. ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოების სხვა თანამოაზრეებთან ერთად, შევასრულებთ კიბერსივრცეში სახელმწიფოთა პასუხისმგებლიანი ქცევის საერთაშორისო სისტემის ვალდებულებებს. ჩვენ მათ, ვინც ამ სისტემის მიღმა მოქმედებს, ვალდებულებების შესრულებისა და საზიანო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ“, – ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ კიბერთავდასხმის შესახებ ინფორმაცია დღეს შსს-მ გაავრცელა. უწყების განცხადების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.