აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ბელორუსში დაკავებული პოლიტტექნოლოგის, ვიტალი შკლიაროვის გათავისუფლებას ითხოვს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ბელორუსში დაკავებული, აშშ-ის მოქალაქის, პოლიტტექნოლოგ ვიტალი შკლიაროვის გათავისუფლება მოითხოვა.
პომპეოს თქმით, მისი უწყება ყურადღებით აკვირდება ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს.
“ბელორუსი ხალხი იმსახურებს უფლებას, აირჩიოს ლიდერები თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების გზით, დამკვირვებლების თანხლებით”, – განაცხადა დიპლომატმა.
პომპეომ აქციის მონაწილეთა მისამართით ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა მოითხოვა, ასევე, ყველა იმ პირის გათავისუფლება, რომლებიც უკანონოდ არიან დაკავებულნი, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე – ვიტალი შკლიაროვი.
ვიტალი შკლიაროვი მინსკში 29 ივლისს დააკავეს. მისი დაკავება, სავარაუდოდ, უკავშირდება სვეტლანა ტიხანოვკსიას მეუღლესთან პოლიტტექნოლოგად მუშაობას, თუმცა ტიხანოვსკაიას პრესმდივანმა, ანა კრასულინამ განაცხადა, რომ შკლიაროვი ბლოგერის შტაბში არ მუშაობდა.