დღეიდან, 2 სექტემბრიდან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინე შეზღუდვები გაუქმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
უწყების ცნობით, შესაბამისად, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.
“პოლიცია სვანეთის რეგიონში საკარანტინე შეზღუდვებს 22 დღის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში აკონტროლებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად ინტენსიურ რეჟიმში პატრულირებდნენ. ამასთანავე, პოლიციამ უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით უზრუნველყო სვანეთიდან მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინე სივრცეების მიმართულებით”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო.