ცესკო: ვქმნით ყველა პირობას, რომ ამომრჩეველმა არჩევნების დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელოს საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება

“ჩვენი მოქალაქეებისთვის ვქმნით ყველა პირობას, რომ მათ კენჭისყრის დღეს თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელონ საკუთარი მოქალაქეობრივი უფლება”, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ეს მნიშვნელოვანი სახელმძღვანელო დოკუმენტი ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება ცესკო-ს ოფიციალურ ვებგვერდზე. ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ცესკო-მ პანდემიის პირობებში საარჩევნო კომისიებში საქმიანობისთვის, არჩევნებში ჩართულ მხარეებთან კონსულტაციით, საჭირო სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები დაადგინა, რომელიც სავალდებულოდ გავრცელდება როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, ისე – არჩევნებში ჩართულ მხარეებზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ურთიერთობისას. საარჩევნო ადმინისტრაცია, მათ შორის, ცესკო და 73 საოლქო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტის არჩევნების ორგანიზებას 3 657 საარჩევნო უბანზე. დღევანდელ სხდომაზე მიღებული დადგენილებით, ავღანეთში განლაგებული საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ბატალიონებში მოსამსახურე საქართველოს მოქალაქეებისთვის შეიქმნება 2 – ბაგრამისა და მაზარი შარიფის საარჩევნო უბნები“, – განაცხადა მიქელაძემ.
ანა მიქელაძის თქმით, ამ დროისათვის, არჩევნებში მონაწილეობის მიღების მიზნით რეგისტრაცია გაიარა 59-მა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, გარკვეულ პარტიებს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შეუძლიათ, განცხადებით მიმართონ ცესკო-ს თავმჯდომარეს არაუგვიანეს 4 სექტემბრისა.
„დღეიდან, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენელებს აქვთ შესაძლებლობა, რეგისტრაციისთვის მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას არაუგვიანეს 4 სექტემბრისა. ცესკო-ს მიერ განისაზღვრა საინიციატივო ჯგუფების მიერ მაჟორიტარი კანდიდატის წარსადგენად საჭირო მხარდამჭერების მინიმალური ოდენობაც“, – განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის ყველა ის სამართლებრივი რეგულაცია, რაც არჩევნების დანიშვნას უკავშირდება.

„დღეიდან ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესები. ასევე, საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებული ნორმები. დღესვე ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ცესკო-ს მიერ ასევე განისაზღვრა არჩევნებისთვის შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს, აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში“, – განაცხადა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები