ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებენ. დაიწყო და მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთის საზაფხულო საძოვრებზე სხვადასხვა რეგიონიდან მიგრირებული წვრილფეხა პირუტყვის აცრები. ცხვრის და თხის ვაქცინაცია თვალში ჩაწვეთების თანამედროვე მეთოდით ხორციელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამავდროულად დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაცია უტარდება მსხვილფეხა პირუტყვსაც. დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით აცრილია 90 ათასამდე სული საქონელი.
ვაქცინაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლითაც ავადდება მრავალი სახეობის ცხოველი, მათ შორის მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი. ბრუცელოზით ავადდება ადამიანიც. ინფიცირების წყარო დაავადებული ცხოველი და მისგან მიღებული პროდუქტებია.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას ითანამშრომლონ ვეტერინართან და დროულად ჩაუტარონ ცხოველებს ვაქცინაცია, რათა თავიდან აიცილონ დაავადების რისკი.
ბრუცელოზის მასობრივი ტესტირება 2014 წლიდან დაიწყო. 2015 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტების მონაწილეობით შემუშავდა გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც ბრუცელოზთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებების (სერომონიტროინგი, ვაქცინაცია) ეტაპობრივ განხორციელებას ითვალისწინებს.
2016 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 7 21 391 სული მსხვილფეხა პირუტყვი.
2018 წლიდან დაიწყო და დღეის მდგომარეობით ბრუცელოზზე ვაქცინირებულია 257 706 სული წვრილფეხა პირუტყვი