სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ყოფილი და მოქმედი კიდევ 4 თანამშრომლის უფლებების დარღვევა დაადგინა

საქართველოს სახალხო დამცველმა აჭარის ტელევიზიის ახალი ამბების სამსახურის გამოშვების წამყვან-რეპორტიორის თეონა თურმანიძის, ამავე სამსახურის რეპორტიორის, თეონა ხარაბაძის, ონლაინ მედიის სამსახურის უფროსის, სოფიო ჟღენტის და საავტორო შემოქმედებითი გადაცემების სამსახურის საღამოს გადაცემის ყოფილი წამყვან-რეპორტიორის მალხაზ რეხვიაშვილის უფლებების შესაძლო დარღვევის საქმეების შესწავლა დაასრულა.

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქმის მასალების შესწავლის შედეგად, გამოვლინდა, რომ მალხაზ რეხვიაშვილის სამსახურიდან დათხოვნის, თეონა თურმანიძის სატელევიზიო საქმიანობაზე დაშვების შეზღუდვისა და სოფიო ჟღენტისთვის შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობის (შესასრულებელი სამუშაოს სახე) შეცვლის შედეგად, ადგილი ჰქონდა მათი შრომითი უფლებების დარღვევას, ხოლო რეპორტიორის საქმიანობის განსახორციელებლად თეონა ხარაბაძისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა მის შრომით უფლებაში ინტენსიურ ჩარევას წარმოადგენდა.

“ამასთან, საგულისხმოა, რომ მალხაზ რეხვიაშვილისა და თეონა თურმანიძის უფლებების დარღვევა განმცხადებლების გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელმა და არაპროპორციულმა ჩარევამ გამოიწვია.

გარდა ამისა, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ თეონა თურმანიძისა და თეონა ხარაბაძის შრომითი უფლებებში ჩარევის დროს, ადგილი ჰქონდა განსხვავებული მოსაზრებისა და პროფესიული კავშირის წევრობის ნიშნით დისკრიმინაციას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2020 წლის 24 აგვისტოს რეკომენდაციით მიმართა აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ბათილად ცნოს ბრძანებები, რომლებითაც მალხაზ რეხვიაშვილი გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო თეონა თურმანიძეს დროებით შეეზღუდა სატელევიზიო წამყვანის საქმიანობაზე დაშვება და მოახდინოს მათი შრომითი უფლებების აღდგენა; მომავალში, ნებისმიერი სახის საკადრო თუ ორგანიზაციული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მოახდინოს აღნიშნული პროცედურების მიმართ კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა განუხრელი დაცვა და იმ დასაქმებულთა უფლებების სრულყოფილი რეალიზების უზრუნველყოფა, რომელთა უფლება-მოვალეობებზეც მსგავსი გადაწყვეტილებები ახდენენ გავლენას; ბათილად ცნოს გადაწყვეტილება, რომლითაც თეონა ხარაბაძეს ეცნობა, რეპორტიორის მოვალეობები განეხორციელებინა ქუთაისში და უზრუნველყოს იგი სამსახურებრივი მოვალეობების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობით; ასევე, მომავალში თავი შეიკავოს შრომით ურთიერთობაში განსხვავებული მოსაზრების, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების ან/და სხვა ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობისაგან და საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველი აქტიურად ადევნებს თვალს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებს და სწავლობს მაუწყებლის თანამშრომლების შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტებს. კერძოდ, 2020 წლის 24 აპრილს, სახალხო დამცველმა მაუწყებლის დირექტორის მხრიდან ახალი ამბების სამსახურის ყოფილი უფროსის შორენა ღლონტის, უფროსის მოადგილის მაია მერკვილაძის და ამავე სამსახურის წამყვან-რეპორტიორის თეონა ბაკურიძის შრომითი უფლებების დარღვევის დადგინა.

მოგვიანებით, 2020 წლის 10 ივნისს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება (Amicus Curiae) წარადგინა ბათუმის საქალაქო სასამართლოში აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მიმდინარე წლის აპრილის თვეში დამტკიცებულ ინტერნეტში/სოციალურ ქსელებში ქცევის წესებთან დაკავშირებით, რომლის ცალკეულმა დებულებებმა მაუწყებელში დასაქმებულ პირთა გამოხატვის თავისუფლების არაპროპორციული შეზღუდვის შესაძლებლობა შექმნა.

აღნიშნულის გათვალისწინებით, ბოლოს შესწავლილმა საქმეებმა კიდევ უფრო გაამწვავა ეჭვები მაუწყებელში დასაქმებული შრომითი უფლებებისა და გამოხატვის თავისუფლების სათანადო უზრუნველყოფის, ასევე კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნების საკითხებთან დაკავშირებით,”- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები