“შატილში შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ადგილზე ოპერატიულად გაიგზავნა სასწრაფო დახმარების ჯგუფი” (ვიდეო)

“მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოხდა ცენტრის რეაგირება. გამოძახებიდან 2 წუთში უახლოესი თავისუფალი ბრიგადები გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე”, – ამის შესახებ სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ შატილში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა, მწუხარება გამოვთქვა, მომხდარი ტრაგედიის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. მართლაც, მძიმე ტრაგედიაა ქვეყნისთვის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა.

როგორც ცნობილია, გაჟღერდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აღნიშნულ შემთხვევაზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა დააგვიანეს.

მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე, ოპერატიულად მოხდა ცენტრის რეაგირება. გამოძახებიდან 2 წუთში უახლოესი თავისუფალი ბრიგადები გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. მისვლას, რა თქმა უნდა, დაჭირდა გონივრული დრო. როგორც შატილის გზა, ასევე სხვა გზები, ქვეყანაში არის რთული რელიეფის მქონე. შესაბამისად, აღნიშნულისთვის ცენტრის ავტოპარკი განახლდა მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტით.

მსჯელობა იმაზე, რომ – სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები რომ მისულიყვნენ უფრო მალე შემთხვევის ადგილზე, გადარჩებოდა მეტი სიცოცხლე – არის ცალსახად არასწორი ტრავმის განვითარების სიმძიმიდან გამომდინარე. ადგილზე მისულ ეკიპაჟებს დახვდათ პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ტრავმები, ამიტომ აღნიშნულით ინტერპრეტაცია არის ცალსახად არასწორი.

აქვე, მინდა, აღვნიშნო, რომ საკურორტო სეზონებზე გამოძახების მატებასთან ერთად ხდება დამატებითი ეკიპაჟების განთავსება, როგორც ზაფხულის საკურორტო სეზონებზე, ასევე ზამთრის საკურორტო სეზონებზე.

გადაუდებელი დახმარების ეკიპაჟები მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპით, შესაბამისად, როგორც დუშეთის მუნიციპალიტეტში,ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, სამედიცინო ეკიპაჟების რაოდენობა არის ადეკვატური და შეესაბამება გამოძახებების რაოდენობას.

თქვენ იცით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით განახლდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ავტოპარკი, მაღალი და საშუალო გამავლობის ავტოტრანსპორტით. ასევე მიმდინარეობს მშენებლობები და აშენდა სასწრაფო დახმარების ქვესადგურები. ცალსახად განვმარტავ იმას, რომ ქვეყანაში მოსახლეობისათვის გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების პრობლემა არ არსებობს”, – აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები