„ქართული ოცნების” ლიდერები მარნეულში, პროფესიული სასწავლებლის მშენებლობის პროცესს გაეცნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ და მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაურ დარგალმა, მარნეულში, ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა დაათვალიერეს.
მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინჟინერმა, გიორგი შერმადინმა განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. „ქართული ოცნების” ლიდერებმა რეგიონში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
მარნეულში ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა საქართველოს განათლების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით ხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შენობა, სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირების საჭიროებებზე, ექნება საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები. გარდა სასწავლო კორპუსისა, მოეწყობა კოლეჯის ეზო და ღია სპორტული მოედანი.
ქვემო ქართლში, ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი „მოდუსი” მოქმედებს, რომელიც რუსთავში მდებარეობს. შემოდგომიდან, პროფესიული განათლების მიღება უკვე მარნეულში, „მოდუსის” ახალ, თანამედროვე სივრცეშიც გახდება შესაძლებელი, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობას.