გიორგი გახარია: უნდა ვიზრუნოთ განათლების სიტემის რეფორმირებაზეც, იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული
“უნდა ვიზრუნოთ განათლების სიტემის რეფორმირებაზეც, რაც უკვე დაწყებულია, იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ზაურ დარგალის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, მარნეულში სამი ახალი სკოლა შენდება.
“მარნეულში დღეს 8 სკოლის რეკონსტრუქცია ხდება, შენდება სამი ახალი სკოლა. რა თქმა უნდა, სარწყავი წყალი მთელს ქვეყანაში არის პრობლემა და აქ, მარნეულშიც ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ყველამ უნდა ვიცოდეთ და შევთანხმდეთ, რომ ჩვენ არ ვამბობთ რომ ეს საკმარისია, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის სისტემურ ინფრასტრუქტურაზე ზრუნვა, რომელიც ყველამ ერთად უნდა გავაგრძელოთ და ხვალინდელი დღე უნდა გავხადოთ კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე დღევანდელი დღე.
ეს არის ის, რაზეც უნდა შევთანხმდეთ. ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ ყველამ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყანაში სამართლიანი პირობები ყველასთვის, იმისთვის, რომ ყველა ახალგაზრდამ მიიღოს კარგი განათლება; ჩვენ უნდა ვიზრუნოთ განათლების სიტემის რეფორმირებაზეც, რაც უკვე დაწყებულია, იმისთვის, რომ საქართველოს ყველა მოქალაქემ იცოდეს ქართული, რათა მათ შეეძლოთ განათლების მიღება საქართველოში და შემდგომ სახელმწიფო სტრუქტურებში მათი კარიერის გზა ხსნილი იყოს. ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ და დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებშიც ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გამარჯვებას გისურვებთ!”,- განაცხადა პრემიერმა.