ბექა ლილუაშვილი UNICEF-ის კვლევაზე: კვლევამაც დაადგინა, რომ სოციალური დაცვის დღევანდელი სისტემა სრულფასოვნად მზად არის იმ გამოწვევებისთვის, რაც მას დღეს უდგას
“ჩვენთვის ეს არ არის ახალი საფიქრალი და ახალი სივრცე, სადაც გვიწევს ახალი ინიციატივების მოფიქრება და რა თვალსაზრისით – ბავშვთა სიღარიბის ნაწილი ყოველთვის წარმოადგენდა ამ ხელისუფლების ერთ-ერთ მთავარ საზრუნავ მიმართულებას და იცით, რომ ჩვენ უკანასკნელი ცვლილებით 5-ჯერ გავზარდეთ მოწყვლადი ბავშვების მხარდაჭერა და ამას ჰქონდა არსებითად დიდი გავლენა ბავშვთა სიღარიბის ნაწილზე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
„დღეს, როდესაც ჩვენ ვდგავართ კორონავირუსთან დაკავშირებული ეკონომიკური გამოწვევების პირისპირ, ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ ეს ეფექტები მაქსიმალურად შევზღუდოთ. თუ დავინახეთ, რომ ეკონომიკური მდგომარეობა და დინამიკა პოზიტიურად იცვლება, რა თქმა უნდა, ეს დაკავშირებული იქნება სამუშაო ადგილების აღდგენასთან, შემოსავლების დონის აღდგენასთან და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც კვლავ იქნება მოწყვლადი ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებისგან, მათ მივეხმაროთ. დღეს, კვლევის მეორე ნაწილი ეთმობოდა სოციალური დაცვის სისტემის მზაობის შეფასებას და ამ ნაწილში კვლევამაც დაადგინა, რომ სოციალური დაცვის დღევანდელი სისტემა სრულფასოვნად მზად არის იმ გამოწვევებისთვის, რაც მას დღეს უდგას. რა თქმა უნდა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას და ეს კონკრეტული მხარდაჭერა გახდება სისტემური, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება იქნება”,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.