ნათია თურნავა: პანდემიასთან ბრძოლაში, ერთერთი მოწინავეა ინფექციური საავადმყოფო, იმედი მაქვს, რომ ყველა ტექნიკური საკითხი მოგვარდება
“გვერდით ვუდგავართ ამ საავადმყოფოს, მის პერსონალს და გუნდს. ახალი შენობის შეძენასთან, ასევე, აღჭურვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებულია”,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ინფექციური საავადმყოფოს შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობა ინფექციურ საავადმყოფოს და ყველა ინფექციონისტს გვერდით უდგას.
„ჩვენი ხელისუფლება ბევრ რამეს აკეთებს იმისთვის, რომ ჩვენი სამედიცინო სექტორი განვითარდეს, განსაკუთრებით ის დაწესებულებები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეს პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ერთერთი მოწინავე არის ინფექციური საავადმყოფო. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა ასეთი ტექნიკური საკითხი მოგვარდება, რადგან ჩვენ მართლაც გვერდით ვუდგავართ ამ საავადმყოფოს და მის პერსონალს და გუნდს. მიღებულია გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ ახალი შენობა შეიძინონ, ასევე, მათ აღჭურვასთან დაკავშირებით. თუკი არის რაიმე ღია საკითხი, დარწმუნებული ვარ, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ეს საკითხებიც მალე მოგვარდება”,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, ინფექციურმა საავადმყოფომ კოვიდით და აივ-შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება დროებით შეაჩერა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საავადმყოფოსთვის მაღალპროფესიონალიზმთან ერთად, ხარისხის შენარჩუნებისთვის გამართული ინფრასტრუქტურა აუცილებელია.