მაწევანში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა
თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, სადაც ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს, საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.
პროკურორის განცხადებით, ექსპერიმენტის შედეგები სამედიცინო ექსპერტიზას გადაეგზავნება.
„ექსპერიმენტის დაწყებიდან 24 საათი გავიდა. შესაბამისად, მოცემული მომენტისათვის საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულებულია. მისი მიმდინარეობა და შედეგები ასახულია საგამოძიებო მოქმედების ოქმში. ამავდროულად, მიმდინარეობდა საგამოძიებო ექსპერიმენტის უწყვეტი ვიდეოგადაღება. ეს მასალაც ცხადია, დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს. პროცედურა არის შემდეგი: ექსპერიმენტის შედეგები გადაეგზავნება სამედიცინო ექსპერტიზას, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზა ამ მონაცემებს ასახავს დასკვნაში. აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება გულისხმობს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტულ პროცედურას. რიგ შემთხვევაში, ექსპერტიზის მიმდინარეობისას წარმოიშვება გარემოებები, რაც საჭიროებს დამატებითი მონაცემების მიწოდებას ექსპერტებისთვის. ასეთ შემთხვევაში, ექსპერტი კონკრეტული მოთხოვნით მომართავს საგამოძიებო ორგანოს და გარკვეული მონაცემების დაზუსტებას ითხოვს. ასეთ შემთხვევაში ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი, გამოძიება აზუსტებს გარკვეულ მონაცემებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაზუსტდა ტემპერატურა როგორც ავტომობილის გარეთ, ისე ავტომობილის შიგნით. ეს მონაცემები მიეწოდება სამედიცინო ექსპერტიზას. ისინი ამ მონაცემებს გაუკეთებენ ანალიზს, მისცემენ შეფასებას და ასახავენ დასკვნაში. როდესაც დასრულდება ექსპერტიზის დასკვნა, შემდეგ ჩვენ გვექნება ანალიზის საშუალება“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.