თეა წულუკიანი: ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი
„მარტივია ფილოსოფია, რომ სერვისები არ იყოს თავმოყრილი მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში. ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა რაჭაში, პროექტ „სახელმწიფო შენი პარტნიორიას“ წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე 81 საზოგადოებრივი ცენტრია.
„ბოლო რვა წლის განმავლობაში, ჩვენ მთელი საქართველო მოვიცავით უპრეცედენტო მშენებლობების პროცესით. დღეს ჩვენ 81 საზოგადოებრივი ცენტრი გვაქვს. მომდევნო ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნება დედოფლისწყაროში, ნინოწმინდაში, ასპინძასა და ბაღდათში. 1-ელ სექტემბრამდე, იმ 24 იუსტიციის სახლს, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, დაემატება ქარელისა და წყალტუბოს იუსტიციის სახლები.
მარტივია ფილოსოფია, რომ სერვისები არ იყოს თავმოყრილი მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში. მოქალაქეებს არ უნდა უწევდეთ მოგზაურობა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად, როცა აქვთ კარგი ინიციატივა და სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს. ჩვენ, რეალურად, ვასრულებთ საბჭოთა ხანას, როცა კარგი სერვისები მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი”,- განაცხადა წულუკიანმა.