თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორი: ექსპერიმენტი საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის ირგვლივ დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება
“შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის ირგვლივ დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად ტარდება”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანის ტყეში, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა.
,,საქმეზე დანიშნული სამედიცინო ექსპერტიზის წინაშე დასმული კითხვების სრულყოფილად გადასაწყვეტად, შემთხვევის ადგილზე ტარდება საგამოძიებო ექსპერიმენტი. საგამოძიებო ექსპერიმენტით უნდა დადგინდეს შემთხვევის ადგილზე დღის განმავლობაში, ანუ 24 საათია განმავლობაში არსებული ტემპერატურა, კერძოდ, როგორც ტენიანობა ასევე ჰაერის ტემპერატურა. ასევე, შემთხვევის ადგილზე განთავსებულ ანალოგიური მარკისა და მოდელის ავტომობილში დახურულ მდგომარეობაში უნდა განისაზღვროს 24 საათის განმავლობაში როგორც ტენიანობა, ასევე ჰაერის ტემპერატურა“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა დაგვიანებული აღნიშნული ექსპერტიზის ჩატარება, პროკურორმა განაცხადა, რომ დაგვიანებული არ არის, რადგან, გამოძიებას შემთხვევის ადგილზე პირველად მისვლის დროს არსებული ტემპერატურაც დაფიქსირებული აქვს.
,,არანაირად დაგვიანებული არ არის. იმ დროს რა ტემპერატურაც იყო, ცხადია, განსაზღვრული აქვს გამოძიებას, კონკრეტული ტემპერატურა დადგინდება და აქედან გამომდინარე განისაზღვრება ის სურათი, რაც საჭიროა სრულყოფილი სამედიცინო ექსპერტიზისთვის. რამდენად ზუსტ შედეგს მოგვცემს ექსპერიმენტი ამაზე ჯერ საუბარი ნაადრევია. დანარჩენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გვაჩვენებს“, – განაცხადა ლაშა კოტრიკაძემ.