ამირან სალუქვაძე: რუსეთი თუ ბელორუსს მთლიანად ვერ მიიღებს, სიამოვნებით აახევს ერთ-ორ რაიონს

ექსპერტი, ამირან სალუქვაძე ბელორუსში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და შესაბამის ფოტოებს აქვეყნებს.

“ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ.

“ბელარუსის შესახებ, ორიოდე სიტყვით.

როცა დავწერე ამ დღეებში, ბელარუსში სამი მხარე: ლუკაშენკო, რუსეთი და სხვა გარე ძალები ურევენ-მეთქი, ბევრმა ვერ გაიგო. ერთმა დამიწერა, კიდევ რა ვარიანტი არსებობსო?

კიდევ ის ვარიანტი არსებობს, რომ ურევდეს მხოლოდ რუსეთი, ან პირიქით, მხოლოდ სხვა ძალები.

გარე ძალებიდან რუსეთი ცალკე გამოვყავი, ხომ? რატომ?

რუსეთის როლი და მიზნები ბელარუსის საკითხში განსაკუთრებულია.

სხვა გარე ძალებზე ბევრს არაფერს დავწერ. ჩანს, რომ ყველა იქნება ჩარეული. მათი სისუტე იქნება მათ არაკოორდინებულ ქმედებებში. აქვე აღვნიშნოთ, რომ აშშ-ს დიდად არ სცალია.

რატომ ურევს სამი ძალა და რატომ აწყობს ყველას ის, რაც ხდება?

ლუკაშენკოს აწყობდა თავიდან და წაახალისა კიდეც, როცა დაიწყო აქეთ რუსეთის დადანაშაულება, რუსი მოქალაქეების დაკავება, იქეთ, ლამის ყველა მეზობლისთვის ბრალის წაყენება. ეს სტრატეგია მუშაობდა წინა არჩევნებზე.

უკრაინის მოვლენების შემდეგ, როგორ ფიქრობთ, რუსეთს როგორც მინიმუმ, პულსზე არ აქვს ხელი? ვფიქრობ, პულსზეც უჭირავს და პროცესებსაც მართავს.

მთელი დღეებია, რუსული მედია ბელარუსის მოვლენებზეა გადართული. ძირითადად, ან ლუკაშენკოს ლანძღავენ, ან რუსეთის ინტერესებზე საუბრობენ ბელარუსთან მიმართებაში. ლუკაშენკოს მხარდამჭერ სიტყვებს ვერ მოისმენთ.

ლუკაშენკო ასეთი მასშტაბის აქციებს არ ელოდა. ფიქრობდა ძველი სტრატეგიით, გარე საფრთხოლებით ისევ გაიტანდა თავს.

ათასობით პროტესტანტი დააკავა, იზოლატორები ისე გადაჭედა, კამერებში დასადგომი ადგილები არ ჰქონდათ. ზოგი ადრე გამოუშვა, ხელწერილებით, დანარჩენებს ახლა ათავისუფლებენ. არ ჭრის ეს მეთოდები.

შეიძლება ისევ გადააგოროს. ვინ რა ნაბიჯებს გადადგამს, ვინ ვისთან და როგორ მოილაპარაკებს, არავინ იცის. ლუკაშენკოს, ისევე როგორც იანუკოვიჩივს, ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა.

რუსეთი თუ ბელორუსს მთლიანად ვერ მიიღებს, სიამოვნებით აახევს ერთ-ორ რაიონს.

ალბათ, ყველასათვისაა ცნობილი, რომ ბელარუსს და მის სამეზობლოს ერთმანეთთან ტერიტორიული პრეტენზიები აქვთ. ტერიტორიები, ქარვის მოპოვება, დიდი ხანია დაპირისპირების საგანია.

ერთი კი ჩანს ცხადად, პუტინს აღარც დაჩოქებული ლუკაშენკო სჭირდება, არც ამხედრებული. დღეს დიდხანს უსაუბრიათ ტელეფონით, ორჯერ. რაზე შეთანხმდნენ, გამოჩნდება. “ბაწკას” კონტრაქცია აქვს, მხარდამჭერებს უყრის თავს. გამოჩნდება “ბაწკაა” თუ “ექს-ბაწკა”.

ის, რომ ორგანიზებული პღოცესები და რევოლუციური სცენარია, დიდი ხანია, ცხადია.

რევოლუციების დროს, მხოლოდ შედეგებით მივხვდებით ვინ იდგა პროცესების უკან და ვინ რა მოიგო. ასევე დააკვირდით, ვინც ყველაზე ხმამაღლა ლანძღავს პუტინს და ლუკაშენკოს, თითქოსდა პროდასავლური პოზიციებიდან, შესაძლოა ზუსტად ის აკეთებდეს პუტინის საქმეს.

ახლო აღმოსავლეთში და აფრიკის კონტინენტზე ეძებს კრემლი საკუთარ ინტერესებს. როგორ ფიქრობთ, ბელარუსის მოვლენებზე რუსეთი მაყურებლის როლშია? რა თქმა უნდა, არც სხვა ძალებია გულხელდაკრეფილი.

დანარჩენს დავინახავთ. ეს ის თემაა, როცა პროგნოზები მარჩიელობაა. ფაქტი ერთია, – დიქტატურას ყოველთვის აქვს დასასრული. ერთი კვირა გაძლებს, ერთი თვე თუ წელი, რა მნიშვნელობა აქვს?!

ისე, რუსთაველის გამზირი არ აქვთ, თორემ აქამდე გადაკეტავდნენ. ტყუილად ჩავიდა გამოცდილი რევოლუციონერი”, – წერს სალუქვაძე სოცქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები