“ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლის პასუხისგებაში სწორად არიან მიცემულნი”, – ამის შესახებ გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, შაქარაშვილის ოჯახის პოზიციაა, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისაჯონ.
“ოჯახი მიიჩნევს, რომ გიორგის განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები მიცემულები არიან სწორად სისხლის სამართლის პასუხისგებაში. დადგინდა, რომ 5-მა პირმა ჩაიდინა გიორგის განზრახ მკვლელობა. დღეს არსებული მტკიცებულებების მიხედვით, ვფიქრობთ, რომ სრულად არის დადასტურებული მათ მიერ ჩადენილი ქმედება. ჩვენ მიერ, გამოძიების მიერაც არაერთი ქმედება განხორციელდა და, საბოლოოდ, ეჭვშეუვალად იქნა დადგენილი, რომ გარეშე ადამიანები, სხვა პირები, სხვა მანქანები – გარდა “ტოიოტას” 5 მგზავრისა, შემთხვევის ადგილზე არ იმყოფებოდნენ და სხვა ვერ განახორციელებდა ამ დანაშაულს. ამიტომ, დაზარალებულის ოჯახი მოითხოვს დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას”, – განაცხადა ნიკოლაძემ.