პაატა იმნაძე: ამჟამად მესტიის წითელ ზონად გამოცხადებაზე საუბარი ზედმეტია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მესტიის სოფლებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მუნიციპალიტეტის ჩაკეტვას არ ნიშნავს.
როგორც იმნაძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, იგეგმება მუნიციპალიტეტში მასობრივი ტესტირების ჩატარება და მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმის თქმა თუ რა ვითარებაა ზოგადად.
იმნაძე ამბობს, რომ გამოვლენილი 17 შემთხვევა დიდი ციფრია და იგივე შეიძლება ქვეყნის სხვა ტერიტორიებზეც მოხდეს, თუ მოსახლეობა აუცილებელ რეკომენდაციებს არ დაიცავს, როგორიც არის დახურული სივრცეებში ნიღბის ტარება, ასევე დისტანცირება როგორც დახურული ისე ღია სივრცეებში.
ექსპერტი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კორონავირუსი არ გამქრალა, ის “ჩვენს გვერდითაა”.
„გამკაცრდა შესვლა-გამოსვლის რეჟიმი, თუმცა, წითელ ზონაზე ლაპარაკი ზედმეტია. იქ ეპიდემიოლოგების 5 ჯგუფი მუშაობს და მეექვსე გზაშია, ხვალიდან კიდევ ერთი დაემატება. ჩასატარებელი იქნება მასობვირი კვლევები, მერე შეგვეძლება იმის თქმა, როგორი სიტუაციაა მთლიანად მუნიციპალიტეტში“,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.