გიორგი გახარია: მესტიაში მყოფი ტურისტები ყურადღების გარეშე არ დარჩებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება გახდა აუცილებელი, თუმცა, პრემიერის თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

​”გვიწევს მესტიის მუნიციპალიტეტში გარკევული სპეციალური ღონისძიებების მიღება. რა თქმა უნდა, გადაადგილების გარკევეული შეზღუდვები იქნება, ისევე, როგორც იქ უკვე გაგზავნილია დამატებითი სამედიცინო ბრიგადები, რათა აქტიურად დაიწყოს ტესტირების რეჟიმი. გვესმის, რომ მესტიაში ბევრი ტურისტია, ყველა იქნება მიხედილი, არავინ დარჩება ყურადღების გარეშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ პროცესი დეტალურად იმართება.

“არანაირი ისეთი რისკი არ არსებობს, რომელიც შეიძლება, რაღაც ემოციების საფუძველი გახდეს. წყნარად, მშვიდად, ეს იქნება მესტიაში სპეციალური ღონისძიებები, გადაადგილების ნაწილობრივ შეზღუდვაც იქნება. სამედიცინო ბრიგადები უკვე იწყებენ იქ გაძლიერებულ ტესტირებას. სამეგრელოში და მთლიანად საქართველოში სრულად არის მობილიზებული საჰოსპიტალო სისტემა, რათა, თუ ინფიცირებულების გარკვეული რაოდენობრივი ზრდა გვექნება, წყნარად, მშვიდად, როგორც აქამდე ვაკეთებდით, ასევე ვმართოთ ეს ციფრები. ასე რომ, ნერვიულობის საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, უშგულსა და ლენჯერში დღეს საკარანტინო შეზღუდვა დაწესდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები