ირაკლი ქადაგიშვილი: ბოლო 4 წლის განმავლობაში ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა გასაკეთებელი და საზრუნავი საქმე საკმაოდ დარჩა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” თელავი-ახმეტა-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ქადაგიშვილი მისი კანდიდატურის დასახელებას განიხილავს, როგორც 4 წლის განმავლობაში განვლილი გზის გაგრძელებად.

როგორც ქადაგიშვილმა მაჟორიტარობის კანდიდატად მისი წარდგენის დროს განაცხადა, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, თუმცა ბევრი გამოწვევა ისევ წინ არის.

მისი თქმით, გასაკეთებელი და საზრუნავი საქმე საკმაოდ დარჩა.

“ოთხი წლის წინ, როდესაც მქონდა შემოთავაზება, თბილისში გამეგრძელებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა თუ წამოვსულიყავი კახეთში, მე უყოყმანოდ ავირჩიე აქ წამოსვლა, იმიტომ, რომ ეს ჩემთვის იყო გარკვეული გამოწვევა ჩემი მშობლიური მხარისთვის მემსახურა, გამეკეთებინა ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი.

მე, დღეს ბედნიერი ვარ, რომ თქვენთან ერთად გატარებული 4 წელი იყო და არის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო წლები. ბევრი გამოწვევა გვაქვს, ბევრ გამოწვევასთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ, მაგრამ როგორც იტყვიან, საქმე, გასაკეთებელი და საზრუნავი საკმაოდ დაგვრჩა.

ამიტომ, როდესაც დადგა ჩემი კანდიდატურა მე მხოლოდ და მხოლოდ ამას განიხილავ, როგორც უკვე ერთად გაკეთებული და განვლილი გზის გაგრძელებას. გზისა, რომელიც ემსახურება და მოემსახურება იმას, რომ თვითმმართველობა იყოს უფრო ძლიერი, უფრო აღჭურვილი იმ ინსტრუმენტებით, რომელიც მას მისცემს მეტ საშუალებას, უფრო ეფექტურად, სწრაფად, კონკრეტულად მოემსახუროს თავის მოქალაქეებს და მათ ინტერესებს. რეგიონალური მმართველობა იყოს ისეთი ძლიერი, რომელიც საშუალებას მისცემს მას უფრო მეტი ინვესტიცია, უფრო მეტი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის საჭირო პროექტები განახორციელოს რეგიონში. ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ყველა ის სიკეთე, რომელიც აქამდე მოტანილია, კიდევ უფრო გამრავლდეს, უფრო ხელმისაწვდომი და ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისათვის.

ჩვენ რაც გვჭირდება ეს არის მშვიდობა, ცოდნა, შრომა და გამდიდრება. გამდიდრება საქართველოსი, ყველანაირად, სულიერად, ფიზიკურად, მატერიალურად, იმიტომ რომ მხოლოდ მდიდარ, განათლებულ, თავის თავში დარწმუნებულ, ღირსების მატარებელ ქვეყანას შეუძლია იამაყოს თავისი წარსულით, აწმყოთი, მომავლით და მხოლოდ ასეთი ქვეყანა აერთიანებს მომავალს, მთლიან საქართველოს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სასახლე, ის მეფე, რომელიც აქ იყო მაგალითი მთელი საქართველოსთვის თავმდაბლობისა, მსახურებისა, თავდაუზოგავი ღვაწლისა სამშობლოს წინაშე – თითოეულ ჩვენთაგანს გაგვაერთიანებს და ჩვენ, „ქართული ოცნება” ქართველ ხალხთან ერთად გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ერთად უნდა ვიყოთ საქართველოს წარმატებისათვის. დიდი მადლობა იმ ნდობისთვის, რომელიც თქვენ ყველამ დღეს აქ მობრძანებით გამომიცხადეთ“,- განაცხადა მაჟორიტრობის კანდიდატმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები