პატრიარქი: ღმერთმა მეტად რთულ დროს, მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი ქვეყანას, ფასდაუდებელია მისი ღვაწლი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქმა ილია მეორემ, მომღერალ და კომპოზიტორს ანზორ ერქომაიშვილს იუბილე მიულოცა.
როგორც პატრიარქის წერილშია ნათქვამი, ღმერთმა მეტად რთულ დროს, მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი ქვეყანას და მის ღვაწლი საქართველოს წინაშე არის ფასდაუდებელი.
“ჩვენი ქვეყნის დიდი სიმდიდრე ჩვენი კულტურაა და მასში მარგალიტად არის ჩასმული ჩვენი მრავალხმიანობა. იგი ჯვარია ჩვენი ხალხისა, გალობაა, ჯვრის ვერტიკალური სვეტია ღვთისკენ მიმართული, ხოლო ჯვრის ჰორიზონტალური ნაწილი სიმღერაა ხალხში გაბნეული, როგორც სიყვარული მოყვასისა. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენს ისტორიას ახსოვს გამორჩეული და დიდი ღვაწლის მქონე გვარები: დუმბაძეები, კაპელაშვილები, ერქომაიშვილები, კავსაძეები, ბერძენიშვილები, ჩავლეიშვილები და სხვანი. მათ მუსიკალური რანგს მიეკუთვნება ხუხუნაიშვილებიც, რომელთა ნიჭი მსოფლიომ აღიარა და მათ საქართველო წარმოაჩინეს, როგორც მუსიკალურად მაღალი აზროვნების მქონე ქვეყანა.
ზემოაკეთის მომღერალთა შესაძლებლობები ყველა დონის მუსიკოსს ქედს ახრევინებს მათი გენიის წინაშე. ხოლო ხუხუნაიშვილის იმპროვიზაცია დღემდე აოცებს თანამედროვე მუსიკოსებს თავისუფლების შეგრძნებით.
მადლობა მინდა ვუთხრა, ექსპერტთა ჯგუფს მამა მიქაელ, დავით ცინცაძის, ავთანდილ და მერაბ თურქიებს თაოსნობით, რომელთა დიდად იშრომეს წინაპართა პატივსაცემად. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კაცი საქმით იცნობა და რომ გარდაცვლილი წინაპრები გვეხმარებიან ცოცხლებს. დღეს, საბედნიეროდ, ჩვენი ქვეყნის საუკუნოვან კულტურად ჰყავს გამორჩეული პატრონი, რომლის გვარმაც განსაკუთრებულად იღვაწა ერისა და ბერის წინაშე.
მადლობა ღმერთ, რომ მეტად რთულ დროს, ჩვენს ქვეყანას მოუვლინა ანზორ ერქომაიშვილი ტრადიციული მუსიკის პატრიარქი და დიდი საგვარეულო კულტურის გზის გამგრძელებელი. ვულოცავ მას, 80 წლის იუბილეს და მინდა გითხრათ, რომ მე მადლიერი ვარ, მისი ფასდაუდებელი ღვაწლისა, რომელიც მან გასწია ჩვენი ქვეყნის წინაშე. ვუსურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!”,- ნათქვამია პატრიარქის წერილში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები