ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე წეროვანში ჩავიდა და 9 აპრილის სახელობის სკვერში სამაჩაბლოდან და ახალგორიდან დევნილ ვეტერანებს შეხვდა.
შეხვედრაზე უწყების ხელმძღვანელი ვეტერანებს სოციალური პირობების გაუმჯობესებისა და მათ წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ესაუბრა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ამურ რევიშვილმა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, მიხეილ ხურციძემ შეკრებილ ვეტერანებს ის პროექტები და პროგრამები გააცნეს, რომლებსაც სახელმწიფო ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად ახორციელებს.
შეხვედრის შემდეგ, ვლადიმერ იმნაძემ უწყების წარმომადგენლებთან, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, ნუგზარ თინიკაშვილსა და ვეტერანებთან ერთად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ახალგორელი მებრძოლის, ლევან მიდელაშვილის მემორიალი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ვლადიმერ იმნაძემ ლევან მიდელაშვილის ოჯახი მოინახულა და კიდევ ერთხელ გამოხატა მათ მიმართ თანაგრძნობა.
უწყების ხელმძღვანელი, ასევე, ესტუმრა მრავალშვილიანი ვეტერანის, თამაზ ამირანაშვილის ოჯახს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.