საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერით, საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ბაღდათში, ვანში, სამტრედიასა და ყაზბეგში ახალი კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის 130 მლნ ევრო დაიხარჯება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი ხელს შეუწყობს აღნიშნული რეგიონების სწრაფ განვითარებას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განახლებას, აამაღლებს მოსახლეობის მომსახურების ხარისხსა და წაახალისებს ინვესტიციების შემოდინებას რეგიონებში.
პროექტს განახორციელებს შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია”.
ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW ) სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა, კლაუს ვეიგელმა.
ხელშეკრულებებზე ხელმოწერის ცერემონიალს დაესწრნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰუბერტ ქნირში და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე – მზია გიორგობიანი.
“გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფინანსური მხარდაჭერითა (გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მეშვეობით) საქართველოში მიმდინარეობს პროექტები, მათ შორის, ისეთი პრიორიტეტული მიმართულებით, როგორიცაა: ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობა, სოფლის მეურნეობის, განათლების, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება, დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება, გარემოს დაცვა და ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაში.