გიორგი გახარია: საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, პირველ ყოვლისა, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების ხვალინდელი დღისთვის
“მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგად და მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტებისა და მშობლების წინაშე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მომხდარის გამო და აღნიშნა, რომ როდესაც მსგავსი რამ ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა.
„პირველ ყოვლისა, მინდა, ღრმა მწუხარება გამოვთქვა მომხდარი ფაქტის გამო. უდიდესი ტრაგედიაა, როდესაც ახალგაზრდა გოგოს, საქართველოს მოქალაქეს ვკარგავთ. როდესაც ქვეყანაში მსგავსი ტრაგედია ხდება, ეს არა მხოლოდ ოჯახის, არამედ ქვეყნის ტრაგედიაა. მე, როგორც ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი, ვალდებული ვარ, პატივი ვცე ინსტიტუტებს. მე მშობლებთან ერთად ველოდები გამოძიების დასრულებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
პრემიერის თქმით, დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რაც უდიდესი რისკია ქვეყნის მომავალი თაობისთვის.
„მე არავის მივცემ უფლებას, გაგრძელდეს პოლიციისა და მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაციის პროცესი, რაც დღეს ჩვენ თვალწინ ხორციელდება. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის დელეგიტიმაცია, რასაც დღეს უპასუხისმგებლო ადამიანები მიზნობრივად ახორციელებენ, პირველ რიგში, არის უდიდესი რისკი ჩვენი შვილების უსაფრთხოებისთვის ხვალ. ამიტომ, ამის შესაძლებლობა არავის არ უნდა მიცეთ. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მშობლებთან ერთად, ყოველდღიურად ველოდები გამოძიების შედეგებს და, რა თქმა უნდა, მას შემდეგ, რაც გამოძიება დასრულდება, არანაირი პრობლემა შეხვედრასთან დაკავშირებით არ გამაჩნია. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის პასუხისმგებლობა ქვეყნის, ქვეყნის ინსტიტუტებისა და მშობლების წინაშე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.