სომხე​თში რუსული ტელეარხების მაუწყებლობა შეზღუდეს

სომხეთში უცხო ქვეყნების, მათ შორის, რუსული ტელეარხების მაუწყებლობა შეზღუდეს.

კანონს “აუდიოვიზუალური მედიის” შესახებ ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქსიანმა მოაწერა და ის ძალაში 10 დღეში შევა. შესაბამისი კანონპროექტი სომხეთის ეროვნულმა საკრებულომ მეორე მოსმენით 16 ივლისს მიიღო.

რესპუბლიკაში ამჟამად მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია რუსული “პირველი არხი”, “რტრ პლანეტა”, “როსია კულტურა”, ასევე, ტელეარხი “მირ”.

როგორც მანამდე ქვეყნის ტელევიზიისა და რადიოს ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ტიგრან აკოპიანი აცხადებდა, ეროვნული ციფრული მაუწყებლობიდან უცხო ქვეყნების ტელეკომპანიების ჩახსნა საჭიროა ინფორმაციული უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

მისი თქმით, ეროვნულ რეგულატორს დარღვევების შემთხვევაში უცხო ქვეყნის ტელეკომპანიებზე გავლენის მოხდენის მექანიზმები არ გააჩნია.

საკითხის კომენტირებისას ადრე სომხეთში რუსეთის საელჩოში განაცხადეს, კანონპროექტის დამტკიცება მედიის სივრცეში მნიშვნელოვან ტრანსფორმირებას გამოიწვევს. მათივე თქმით, სიახლე “თამაშის ახალ წესებზე” შეთანხმებას მოითხოვს, რასაც ერევანი მოსკოვს შესთავაზებს.

ასევე, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აღნიშნეს, რომ რუსული მხარე დიალოგისთვის მზად არის და პასუხს სომეხი კოლეგებისგან ელოდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები