ადვოკატი: შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა
“ისეთი ფაილები, რომლებიც არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა, ლეპტოპის სკანირების შედეგად არ აღმოჩნდა”, – ამის შესახებ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კომპიუტერში ზოგადი ფოტოები და ვიდეო-მასალები იყო.
„ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მიმოწერის პროგრამები არ იყო საერთოდ ლოკალურად დაყენებული კომპიუტერში. ანუ „ფეისბუქი“ და „ინსტაგრამები“ საერთოდ არ იყო ლეპტოპში. ამავდროულად, 193 ათასი ფოტოა და 448 ვიდეო, რაც საინტერესოა, არანაირი სხვა ფაილები არ არსებობს. იცით, როგორი ასოციაცია დამრჩა?! ეს კომპიუტერი არათუ პროგრამისტის, არამედ უბრალო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანისაა. „გუგლში“ და მსგავს საიტებზე შესულია, მაგრამ კომპიუტერში არ არის დაფიქსირებული. თუ ასეთი, არაფრის მქონე სურათები იქნებოდა, ამდენი დღე არ უნდა დასჭირვებოდა ამ ყველაფერს“, – განაცხადა რამიშვილმა.