“კოვიდ-19”-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

მთავრობის ადმინისტრაციამ, საერთაშორისო პარტნიორებისა და ექსპერტების მონაწილეობით, “კოვიდ-19”-ის მართვისა და პანდემიის გავლენის შესახებ კვლევის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც “კვირას” მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, სამუშაო შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი კვლევის მნიშვნელობას საქართველოს მთავრობისთვის და საერთაშორისო პარტნიორებს პროცესში აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.

კვლევა მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა კრიზისის მენეჯმენტი, სამართლებრივი ჩარჩოს ანალიზი პანდემიის დროს და ადამიანის უფლებების მიმართულება. კვლევის მიზანია პანდემიის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, რათა ქვეყანა როგორც შესაძლო მომდევნო ტალღას, ისე მსგავს კრიზისებს მომავალში კიდევ უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს.

დამოუკიდებელი კვლევის ფარგლებში გაანალიზდება, რა გავლენა მოახდინა კრიზისმა სოციალური, ადამიანის უფლებებისა და სამართლებრივი მიმართულებით, ასევე, როგორია სახელმწიფო ინსტიტუტების მდგრადობა. შეფასდება მთავრობის ქმედებები საგანგებო მდგომარეობისა და პანდემიის მართვის პროცესში, არსებული გამოწვევები და “კოვიდ-19”-ის გავლენა საქართველოს მოწყვლად მოსახლეობაზე. განმეორებითი კრიზისების წარმოშობის შემთხვევაში, სახელმწიფო ინსტიტუტების უკეთ მომზადების მიზნით, კვლევის ფარგლებში ასევე შემუშავდება რეკომენდაციები. კვლევა, რომელსაც საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწვეული ექსპერტები განახორციელებენ, 2020 წლის ბოლომდე დასრულდება.

კვლევას, რომელიც ასევე უზრუნველყოფს პანდემიის პირობებში კრიზისების მართვის, სამართლებრივი სისტემისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემების შეფასებას, გაერო-ს 8 სააგენტო და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) ერთობლივად განახორციელებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები