მაია ბითაძე: ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს თუ სჭირდებოდა 20-25 წუთი, ახლა სჭირდება 8 წუთი

“მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები გაეცნონ სხვა ქალაქების მაგალითებს. დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში: პარიზი, მილანი, ამსტერდამი – ზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებოდნენ და, სწორედ სატრანსპორტო სქემების გამოყენებით, ამ ქალაქებში დღეს საცობები მართულია”, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერის მოადგილე, მაია ბითაძე ჭავჭავაძის გამზირზე სატრანსპორტო სქემის შეცვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკას.

ბითაძის თქმით, საცობები ჭავჭავაძის გამზირზე ეტაპობრივად აღმოიფხვრება.

„ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის შემდეგ, სატრანსპორტო სქემის შეცვლის პირველ დღეს, ბუნებრივია, გარკვეული პრობლემები შეიქმნა, რაც, ძირითადად, გამოწვეული იყო მძღოლების ახალ მარშრუტთან ადაპტაციით. ასევე, მთელი შაბათის მანძილზე – კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა ფაზების გადაწყობა არსებულ ნაკადებთან მიმართებით და აბსოლუტურად გამართლდა ჩვენი მოლოდინები.

საქართველოში ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც, თანამედროვე მეთოდებზე დაყრდნობით, უზრუნველყოფს თბილისში საცობების ეტაპობრივ აღმოფხვრას. საცობები აღმოიფხვრება იქედან გამომდინარე, რომ, მაგალითად, ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტს ამ დრომდე თუ სჭირდებოდა 20-25 წუთი, ახლა სჭირდება 8 წუთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, საცობების მართვისკენ და ეს ღონისძიებები მთელს თბილისში გატარდება.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპონენტები გაეცნონ სხვა ქალაქების მაგალითებს. დაახლოებით, 15-18 წლის წინ ევროპის დიდ ქალაქებში: პარიზი, მილანი, ამსტერდამი – ზუსტად იმავე პრობლემებს აწყდებოდნენ და, სწორედ სატრანსპორტო სქემების გამოყენებით, ამ ქალაქებში დღეს საცობები მართულია.

მოსახლეობამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთი ხელის მოსმით არ მიღებულა, ის დაფუძნებული იყო სატრანსპორტო კვლევებზე, ნაკადებსა და იმ მაგალითებზე, რომელთა განხორციელებაშიც უცხოელი ექსპერტები გვეხმარებიან“ , – განაცხადა მაია ბითაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები