„ბოლო პერიოდში მრავალი ისეთი მოვლენა განვითარდა, რაც გვაძლევს ძალიან საინტერესო ანალიზის საშუალებას. საბოლოო ჯამში, მივდივართ იმ წერტილამდე, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის ცდილობენ ქვეყნებს შორის, სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, ურთიერთობა დააზიანონ. ერთ-ერთი ამის მიზეზი არის ტყუილი. არ შეიძლება ისინი ვერ ხვდებოდნენ და არ იცოდნენ, რომ ტყუილს აქვს ძალიან მოკლევადიანი ეფექტი. თუმცა, მაინც მიდიან ამ ნაბიჯზე, რაც ძალიან სამწუხაროა”, – განაცხადა პარლამენტის ვიცე სიკერმა, კახა კუჭავამ ტვ „იმედის” ეთერში.
მისი თქმით, არჩევნებამდე იქნება გარკვეული მცდელობები იმისა, რომ ლობისტების გამოყენებით ოპოზიციამ შეძლოს ვიღაცების ტყუილში დარწმუნება.
„მაგრამ აქაც კი ბევრი შეცდომა მოსდით. კონგრესმენი მალინი არის კომპანია ,,ფრონტერას” რეგისტრირებული ლობისტი. წერილში ძალიან მარტივი ფაქტობრივი შეცდომა გაეპარათ. ოპოზიციამ არ მისცა ხმა საარჩევნო ცვლილებებს და ის რომ არ გასულიყო, ექნებოდათ სალაპარაკო, რომ ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო საარჩევნო ცვლილებების მიღება. დღეს იმაზე საუბარი, რომ ცვლილებები არ განხორციელებულა არარელევანტურია. პარალელურ რეჟიმში სახელმწიფო მდივანი აკეთებს კომპლიმენტს და აქებს პრემიერს იმ განხორციელებული ცვლილებებისთვის, რომელმაც საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო დემოკრატიული გახადა. ჩვენ პირნათლად ვასრულებთ იმ ვალდებულებებს, რომელიც ავიღეთ. დარწმუნებული ვართ, არჩევნებს ჩავატარებთ იმ სტანდარტებით, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ ვიამაყოთ მისი მსვლელობით, შედეგებით და პროცესით”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, საქართველო წარმოადგენს უპირობო ლიდერს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის.
„საქართველო არის ის მაგალითი, რომელზეც სხვებს ეუბნებიან, რომ აი, ასე უნდა განახორციელო რეფორმები, ასე უნდა შეძლო დემოკრატიის გამყარება, მათ შორის, ინსტიტუციურ დონეზე, და ეს არის წარმატების ხაზგასმა და ყველასთვის ჩვენება”, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.
მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებისთვის ყოველთვის იყო და იქნება მაღალი მოლოდინი საქართველოს მიმართ.
„ამ მოლოდინზე ხაზგასმა, რომ იმედი აქვთ, საქართველოში მაღალი დონის არჩევნები ჩატარდება, ჩემი აზრით, არის ძალიან კარგი, რადგან სტრატეგიული პარტნიორი და სხვა პარტნიორები საქართველოს აღიქვამენ როგორც სამაგალითოს და აქვთ მოლოდინი, რომ კიდევ უფრო კარგი მაგალითი ვიქნებით”, -აღნიშნა კახა კუჭავამ.