ლუიზა ვინტონი: ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს
“ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს”, – ამის შესახებ საქართველოში გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი.
„ჩვენ ვგლოვობთ საქართველოში გარდაცვლილებსა და გული შეგვტკივა იმ პირებისთვის, ვინც ამ ვირუსს ებრძოდა. რიცხვები იმდენად დაბალია, რომ ცალსახად მიუთითებს ერთ რამეზე: საქართველომ სწრაფად იმოქმედა და სერიოზული დამოკიდებულება გამოავლინა მეცნიერებისადმი. ვიცით, რომ ბრწყინვალე ეპიდემიოლოგები ჰყავს ქვეყანას, რომლებიც უკვე ეროვნულ გმირებად აღიქმებიან. მთავრობა უსმენდა მეცნიერებს. ეს ძალიან ნათელი იყო. საქართველოს ასევე ვულოცავ ხელისუფლებასა და ხალხს შორის დამყარებულ ძლიერ კავშირს. ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, სადაც პანდემია კონტროლს გასცდა, ქართველები უსმენდნენ და ითვალისწინებდნენ ხელისუფლების მითითებებს. მომავალშიც ასე უნდა გაგრძელდეს, რადგან ვხედავთ, რომ ხალხი მოეშვა. იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაემორჩილებიან მითითებებს. კარგად ვხედავთ, რომ ამ ნიშნით და ამ მომენტამდე საქართველო წარმატებული ქვეყანაა“, – განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში.