თამარ არჩუაძე: მივესალმებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების საქმეში
“მივესალმებით აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას ქუთაისის აეროპორტის გაფართოების საქმეში”, – ამის შესახებ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამარ არჩუაძემ განაცხადა.
თამარ არჩუაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს უმასპინძლა, რომელმაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერაა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდა სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში – ზვიად შალამბერიძე.
“ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. მიმდინარეობს საბარგო სისტემის მონტაჟი. ასევე, მიმდინარეობს სხვა მშენებლობის მესამე ფაზით გათგვალისწინებული სამუშაოები. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო აშშ-ის ელჩი. მან ლ მოინახულა არსებული ტერმინალი, რომელიც აღჭურვილია ყველა იმ მოთხოვნის შესაბამისად, რაც დაწესებულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებისა და საავიაციო გაიდლაინების მიხედვით. გვახარებს ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები მხარს გვიჭერს აეროპორტის გაფართოებისა და შემდგომ განვითარების საქმეში”, – განაცხადა თამარ არჩუაძემ, რომელმაც კელი დეგნანს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე დეტალურად უამბო.
ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალშიც. რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება და ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის, საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებითა და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ოპერირებისთვის არის საჭირო. პარალელურად, მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები.
ამ ეტაპზე, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით. სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.