დოკუმენტური ფილმი “ცხინვალი 1920” – ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი – რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

რუსეთის დუმა საქართველოს მიერ 1920 წელს „სამხრეთ ოსეთის გენოციდის“ საკითხის განხილვას აპირებს. ამ ყველაფერს წინ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება უძღვოდა, სადაც მან 1920 წელს სამაჩაბლოში განვითარებულ მოვლენებს “გენოციდი” უწოდა. პუტინის ამ სიტყვებით შეგულიანებულმა ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტარებმა რუსეთს მიმართეს და „ქართველი ნაციონალისტების მხრიდან“ 1920 წელს სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის გენოციდის აღიარება სთხოვეს.

– საინტერესოა, არსებობს კი რაიმე სახის ისტორიულ-სამართლებრივი ან დოკუმენტური საფუძველი, რაც მათ ასეთი ხმამაღალი განცხადებების გაკეთების საშუალებას აძლევს?

რა თქმა უნდა, არ არსებობს. 1920 წელს მართლაც მოხდა დაპირისპირება, თუმცა ეს იყო ბოლშევიკების მიერ ორგანიზებული აჯანყება. მარტივად რომ ვთქვათ, ეს იყო ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, მეორე სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილის აჯანყება, დაფინანსება და იარაღის მიწოდება. ანუ აჯანყება, რომელიც 1920 წელს მოხდა, მეზობელ რუსეთსა და ოსებს სურთ, გენოციდად გადააქციონ. ამ შემთხვევაში, ჩვენი, ქართული მხარის ყველაზე მძლავრი იარაღი ისტორიული მასალებია, რომლებიც ჩვენს არქივებში ინახება. სწორედ ამიტომ, საარქივო მასალების ერთად თავმოყრისა და ისტორიული სიზუსტეების მეტი სიცხადისთვის, დოკუმენტური ფილმის გადაღება გადაწყდა. „ცხინვალი 1920“ – ასე ჰქვია დოკუმენტურ ფილმს, რომლის გადაღებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უფრო კონკრეტულად, რა გახდა ფილმის გადაღების მიზანი, რას გავიგებთ, რა მოლოდინები არსებობს და არის თუ არა ჩვენს საარქივო მასალებში შემონახული დოკუმენტები საკმარისი – ამ და სხვა საკითხებზე ფილმის სცენარისტი, პროფესიით ისტორიკოსი, დიმიტრი სილაქაძე გვესაუბრება:

– რა იყო ფილმის გადაღების მაპროვოცირებელი მიზეზი და რომ გვითხრათ, რა არის თქვენი მთავარი მიზანი – რას გავიგებთ თქვენი ფილმიდან?

ფილმის მიზანია, რეალურად გავიგოთ, თუ რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში.

რაც შეეხება მაპროვოცირებელ მიზეზს, ეს გახდა ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის სათათბიროს გადაწყვეტილება, რომ მათ განიხილონ და მოხდარს მიანიჭონ გენოციდის სტატუსი – რაც არის ისტორიის დამახინჯება და, ზოგადად, ისტორიის გაყალბებულად გამოყენება საინფორმაციო ომში. ჩვენი მიზანია, ვაჩვენოთ, რეალურად რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში და რის გამო მოხდა, რა შედეგები მოჰყვა და რა იყო სინამდვილეში. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი დოკუმენტური ფილმი.

 

-რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში?

ოსთა აჯანყება 1920 წლის მაისში დაიწყო, როცა ქართული ჯარის ნაწილები საბჭოთა რუსეთის XI არმიის სამხედრო შენაერთებს ქვეყნის საზღვრებთან ებრძოდნენ. როკის რაიონში აჯანყებულმა ოსებმა საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. მათ შეუერთდნენ როკის ხეობის, კუდაროს, ქემერტისა და ყორნისის ოსებიც. 7 ივნისს აჯანყებულებმა ცხინვალი აიღეს, ხოლო 8 ივნისს ცხინვალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. 1920 წლის 12 ივნისს ქართულმა ჯარმა დაბა ცხინვალი აიღო, ხოლო 23 ივნისს ოსების დარჩენილი ნაწილი ჩრდილოეთისკენ განდევნა. ქართული ჯარის წარმატებულმა სამხედრო ოპერაციამ აჯანყების ლიკვიდაცია მოახდინა და, შესაბამისად, შიდა ქართლის მოსახლეობა დევნილობისაგან იხსნა.

-გამოდის, რომ, ისტორიული წყაროებზე დაყრდნობით, ეს იყო აჯანყება და არა – გენოციდი?

100%-ით დასტურდება, რომ ეს იყო საბჭოთა რუსეთის მიერ ორგანიზებული შეიარაღებული დაპირისპირება საქართველოს მთავრობასთან, ასევე, 100%-ით დასტურდება ის, რომ არანაირი გენოციდი იქ არ ყოფილა, მოხდა აჯანყების ჩახშობა და ადგილი ჰქონდა ძალის გამოყენებას – ამას ვერ უარვყოფთ და ეს არც არის ჩვენი მიზანი. ეს არ იყო რომელიმე ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული მოქმედება, რადგან ეს რომ ასე ყოფილიყო, ოსების უდიდესი ნაწილი საქართველოში არ დარჩებოდა და არც იმ ქმედებას – სამხედრო დაპირისპირებას დაგმობდა, რომელიც ცხინვალის რეგიონში საკუთარი სახელმწიფოსადმი იყო ჩადენილი. ვინც უშუალოდ იყო ჩართული საბრძოლო მოქმედებებში, მათ, რა თქმა უნდა, შეეხოთ ეს ყველაფერი, მაგრამ მათ, ვინც არ იყო ჩართული, სამხედრო მოქმედებებისას არც შეხებიან და არაფერი დაშავებიათ. დავუშვათ, ეს რომ ყოფილიყო გენოციდი, რომელიმე ეთნოსის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, მაშინ საქართველოში ვერ დარჩებოდა ოსების ის რაოდენობა, რაც დარჩა, მათაც შეეხებოდნენ, მათაც გააქცევდნენ ქვეყნიდან და რაღაც ტიპის რეპრესიებს მაინც ექნებოდა ადგილი, მაგრამ იქ მსგავსი არაფერი იყო და არ მომხდარა. პირიქით, იმ ძალის გადაჭარბებაზე სახელმწიფოს ჰქონდა რეაქცია, რათა იგივე არ გაგრძელებულიყო, შესაბამისად, აჯანყება ჩაახშეს.

– ამ ფილმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ისტორიული სიზუსტე, რა მოლოდინები გაქვთ, რამდენად შეძლებთ იმის ასახვას, რაც რეალურად მოხდა, არის თუ არა საკმარისი ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენს საარქივო მასალებშია დაცული?

უკვე არსებული დოკუმენტების გარდა, რასაც რუსეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ეყრდნობა, არსებობს უამრავი სხვა დოკუმენტი, რომელიც ჯერ არ არის გამოქვეყნებული და ქართულ არქივებშია დაცული – ის, რაც ჩვენ პროცესს თავიდან ბოლომდე გვიჩვენებს, თუ რა მოხდა 1920 წელს ცხინვალის რეგიონში თავისი მასშტაბებით, დაგეგმვით და ა.შ. ეს იყო უშუალოდ ერთი სახელმწიფოს მხრიდან მეორე სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევა, მეორე სახელმწიფოს მოსახლეობის ნაწილის აჯანყება, დაფინანსება, იარაღის მიცემა. საბჭოთა პერიოდში ისინი ამაყობდნენ და ამბობდნენ, რომ ეს იყო ბოლშევიზმისა და საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისათვის ბრძოლა საქართველოში და ამას ეთნიკური ხასიათი არ ჰქონია, იმ პერიოდის დოკუმენტებიც კი, რომლებიც უკვე გამოქვეყნებულია, ამას გვეუბნება. რუსეთი ამ ყველაფერს საინფორმაციო ომის ნაწილად იყენებს, შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება, უფრო მეტად დეტალებში ჩასვლა… ეს არ არის რიგითი დოკუმენტური ფილმი, ჩვენ გვჭირდება ძალიან დიდი ისტორიული სიზუსტე, რადგან ჩვენი იარაღი მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეა. ჩვენ არ გვჭირდება ისტორიის შეცვლა, რაიმეს დამახინჯება და პროპაგანდისტული ხასიათის ფილმი, ჩვენ გვჭირდება სიმართლე.

ფილმის დასრულება სექტემბრის დასაწყისში იგეგმება. იდეის ავტორები ვარაუდობენ, რომ საქართველოს საარქივო ფონდში დაცული მასალებით შეძლებენ რუსეთის იდეოლოგიურ მანქანას, რომელიც გამალებით მუშაობს, ისტორიული სიმართლე მთელი სიზუსტით დაუპირისპირონ, რათა რუსეთმა „მოწმენდილ ცაზე“ გაკეთებული განცხადებებით, ცხინვალის დე-ფაქტო პარლამენტარების წაქეზება და საუკუნის წინ მომხდარ აჯანყებაზე გენოციდის იარლიყის მიკერება ვეღარ შეძლოს.

როგორც ისტორიკოსი, ლევან თოიძე აღნიშნავს – ”ამბობენ, ჭრილობებს სიმართლე კურნავსო. არა ურთიერთსაყვედურისათვის, არამედ სიმართლის დასაგდენად და სამომავლოდ გაკვეთილების გამოსატანად ობიექტური ისტორიის მოხმობაა საჭირო”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები