სანაპირო დაცვამ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში – Sea Breeze 2020 მიიღო მონაწილეობა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკრაინაში მრავალეროვნულ სწავლებაში – Sea Breeze 2020 მონაწილეობა მიიღეს.
როგორც “კვირას” შსს-დან აცნობეს, საზღვაო წვრთნებში სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდი “დიოსკურია” (P25) მონაწილეობდა.
“ყოველწლიური საზღვაო სწავლება – Sea Breeze უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორგანიზებით შავ ზღვაზე იმართება. მისი მიზანია მონაწილე ქვეყნების ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება და, რეგიონული საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ერთობლივი შესაძლებლობების გაზრდა.
წელს ერთობლივ წვრთნებში 8 ქვეყნის: ბულგარეთის, საქართველოს, ნორვეგიის, რუმინეთის, ესპანეთის, თურქეთის, უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების – საზღვაო დანაყოფების 2 ათასზე მეტი მოსამსახურე, 27 მცურავი საშუალება და 19 საფრენი აპარატი მონაწილეობდა.
კორონავირუსის (covid-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სწავლება წელს განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. ერთობლივი წვრთნები არ ითვალისწინებდა ეკიპაჟების უშუალო კონტაქტს და მოიცავდა მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კომპონენტებს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
SEA BREEZE უკრაინაში წელს მეოცედ გაიმართა. ქართული მხარე სწავლებაში პირველივე წლიდან მონაწილეობს.